საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ერევანში მიმდინარე მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველთა სამუშაო შეხვედრაში.
ფორუმზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელმა როდრიგო დე რატომ გააკეთა მოხსნება, რომელშიც გლობალიზაციის პირობებში სავალუტო ფონდის საშუალოვადიან სტრატეგიაზე ისაუბრა. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დანი ლეიფციგერი ფორუმზე გამოსვლისას ფისკალური განვითარების საკითხებს შეეხო.
ერევანში საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელ როდრიგო დე რატოს, რეგიონულ დირექტორ მოშინ ხანსა და დეპარტამენტის უფროს იულიან ბერენგაუტთან. საუბარი გაიმართა საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებასა და ფონდის პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში მიღწეული წარმატებები. ამასთან, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერენ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს საფინანსო სექტორის რეფორმირების შესახებ, რომელიც სავალუტო ფონდის შეფასებით, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, საუბარია „კანონში კომერციული ბანკების შესახებ“ შესატან ცვლილებებზე, რომლებიც ეხება ბანკებში მნიშვნელოვანი წილის შეძენის პროცედურებს და მსხვილ აქციონერთა შესაბამისობის კრიტერიუმებს, აგრეთვე ანგარიშის გახსნისა და ფიზიკური და იურიდიული პირების ინდენტიფიცირების წესებს. აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული პროექტი არსებულ კანონთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯია.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველთა სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი, რომელმაც ფისკალურ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფში 12 ქვეყანაა გაერთიანებული: ნიდერლანდები, საქართველო, ისრაელი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, ხორვატია, კვიპროსი, ბოსნია-ჯერცოგოვინა, სომხეთი, მოლდოვა, მაკედონია.