საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 21 ივნისს შეხვდება „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) პრეზიდენტს ჰაირეტინ კაპლანს, რომელიც ამ თანამდებობაზე ახლახან აირჩიეს. რომან გოცირიძე საქართველოს მხრიდან „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველია.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება. საუბარი შეეხება შავი ზღვის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და BSTDB-ის როლს ამ პროცესების გაღრმავებაში. რომან გოცირიძე და ჰაირეტინ კაპლანი მიმოიხილავენ საქართველოში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მიერ დაფინანსებულ პროექტებს და დასახავენ სამომავალო გეგმებს.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის პირველი ივნისიდან, ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. აღნიშნულმა ბანკმა სს „საქართველოს ბანკს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, სს „პროკრედიტბანკს“, სსკბ „რესპუბლიკას“ 32 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. ამასთან, დააფინანსა ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტი 8 მლნ აშშ დოლარის მოცულობით.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) სტრუქტურაში ყველაზე მსხვილი აქციონერები არიან თურქეთი, რუსეთი და საბერძნეთი. თითოეული ფლობს აქციების 16.5%-ს, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა ცალ-ცალკე – 13.5-13.5%-ს, ალბანეთი და აზერბაიჯანი – 2-2%-ს, საქართველო, სომხეთი და მოლდოვა კი თითოეული 1%-ის ოდენობის აქციებს განკარგავს. 2004 წელს საქართველოს წილი აღნიშნული ბანკის სააქციო კაპიტალში, დავალიანების გამო, 2%-დან 1%-მდე შემცირდა.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ „ბისეკის“ (შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. მისი შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს.
ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ 1994 წლის 30 ივნისს თბილისში, „ბისეკის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი, ხოლო საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება 1996 წლის 25 დეკემბერს მოახდინა.