საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე შეხვდა „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ დელეგაციას, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ჟირნოვი ხელმძღვანელობს.
საუბარი შეეხო შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისა და საქართველოში ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის საკითხებს. აღინიშნა, რომ „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მიერ მუშავდება გრძელვადიანი ბიზნესგეგმა, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდა.
რომან გოცირიძემ, რომელიც საქართველოს მხრიდან „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველია, სტუმარს 2005 წელს ქვეყნის საბანკო სისტემაში დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები და პროგნოზები წარუდგინა.
მიხეილ ჟირნოვმა საქართველოში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ საქმიანობა შეაფასა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიხეილ ჟირნოვს გააცნო წინადადება საქართველოში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ ფილიალის გახსნის თაობაზე. ეს საკითხი მან ორი კვირის წინ ბაქოში გამართულ „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრაზე დააყენა. მიხეილ ჟირნოვმა მხედველობაში მიიღო რომან გოცირიძის ინიციატივა და დაპირდა, რომ ეს საკითხი განხილული იქნება.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის პირველი ივნისიდან, ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. მთლიანობაში, აღნიშნულმა ბანკმა საქართველოში 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროექტები დააფინანსა. სს „საქართველოს ბანკს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, სს „პროკრედიტბანკს“, სსკბ „რესპუბლიკას“ 32 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. ამასთან, ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტის განსახორციელებლად 8 მლნ აშშ დოლარი გამოყო.