საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში მარტ ლაარს შეხვდა. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის რანგში, საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საბანკო-საფინანსო სფეროებში მიმდინარე პროცესების განხილვა იყო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ფისკალურ საკითხებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მარტ ლაარს დეტალურად გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე პოლიტიკისა და შემდგომი სტრატეგიული მიზნების საკვანძო საკითხები: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საბანკო აქტივების მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, ბოლო პერიოდში, გარდამავალი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს პარამეტრი მატების წინმსწრები ტემპით გამოირჩევა -– 2005 წლის მონაცემებით, ფართო ფულის შეფარდება ნომინალურ მშპ-თან 16.5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მთლიანი საბანკო აქტივების შეფარდება მშპ-თან, დაახლოებით, 17 პროცენტს. საქართველოს საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები მხოლოდ 2005 წლის მანძილზე 50 პროცენტით გაიზარდა, რაც უდავოდ პოზიტიური ფაქტია“.
შეხვედრაზე რომან გოცირიძე და მარტ ლაარი მომავალში მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.