საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული ბანკის „კრედიტ აგრიკოლის“ წარმომადგენლები მიიღო.
ფრანგული ბანკი, რომლის მთლიანი აქტივების მოცულობამ 2004 წლის ბოლოსათვის 913 მლრდ ევრო, ხოლო სააქციო კაპიტალმა 66 მლრდ ევრო შეადგინა, საქართველოს სოფლის მეურნეობის დაკრედიტების პილოტ-პროექტის განხორციელებას აპირებს. ახალი საბანკო პროდუქტი, რომელსაც „კრედიტ აგრიკოლი“ ქართული „ტაო-ბანკის“ მეშვეობით საქართველოს აგრარულ სექტორში განახორციელებს, ქართველი ფერმერებისათვის სესხების გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტის წარმატების შემთხვევაში, ფრანგული ბანკი დაფინანსების მასშტაბის გაზრდას გეგმავს. იგი სამომავლოდ საქართველოში ერთ-ერთი ბანკის შეძენის საკითხსაც განიხილავს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „კრედიტ აგრიკოლის“ წარმომადგენლებს საქართველოს საბანკო სექტორში მიღწეულ წარმატებებზე ესაუბრა.