საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ესტონეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ესტონეთის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ტინის პალტსი და ესტონეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საბანკო სფეროში არსებულ ვითარებას დაეთმო. მათ შორის, საბანკო საქმიანობის მოქნილი საკანონმდებლო ბაზისა და უცხოელ ინვესტორთა მხრიდან ამ სექტორისადმი მაღალი ინტერესის შესახებ.
ესტონეთის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ტინის პალტსმა ხაზი გაუსვა ესტონეთის საფინანსო წრეების ინტერესს საქართველოს მიმართ. „ესტონეთის საფინანსო წრეებში დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს საქართველოს საბანკო სივრცეში მიმდინარე პროცესებს. ესტონური კაპიტალი ახალ ბაზრებს ეძებს და ამ მიმართულებით, საქართველო სასურველ სივრცედ განიხილება,“ – აღნიშნა ტინის პალტსმა.
„საქართველოში საკმაოდ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ჩამოყალიბდა. ამაზე მეტყველებს იმ ფაქტი, რომ ინვესტიციები საქართველოში მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან დაიძრა. ამ თვალსაზრისით, სასიამოვნოა, თუკი საქართველოს ეკონომიკაში ესტონური ინვესტიციები განხორციელდება,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.