საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ უმსხვილესი აზერბაიჯანული ბანკის “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის” გამგეობის თავმჯდომარე ჯაჰანგირ გაჯიევი და ამავე ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ასკერ მამედოვი მიიღო. შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოში “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის” სამომავლო საქმიანობა იყო. აზერბაიჯანული ბანკი საქართველოში შვილეული კომპანიის დაფუძნებას აპირებს. აზერბაიჯანის უმსხვილეს ბანკს ქვეყნის საზღვრებს გარეთ შვილეული ბანკი რუსეთშიც აქვს გახსნილი.
“აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს” სურვილი აქვს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში”, – აღნიშნა ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ჯაჰანგირ გაჯიევმა. “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი”, რომლის აქციების 50 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანის მთავრობას ეკუთვნის, 2005 წლის ბოლოსათვის ფლობდა აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივების 50.9 პროცენტს (1257.9 მლნ აშშ დოლარს), საკრედიტო პორტფელის 53.48 პროცენტს, დეპოზიტების 61.91 პროცენტს, სააქციო კაპიტალის 24.58 პროცენტს (90.92 მლნ აშშ დოლარს).
“ჩვენ მივესალმებით საქართველოს საბანკო ბაზარზე აზერბაიჯანის უმსხვილესი ბანკის შემოსვლას. საქართველო მზად არის, ითანამშრომლოს რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
2006 წელს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსაგან (Fitch) მიღებული აქვს გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ და მოკლევადიანი და ინდივიდუალური რეიტინგი „B“. ჟურნალმა „EUROMONEY“-მ 1997-2004 წლებში „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ დაასახელა აზერბაიჯანის საუკეთესო ბანკად, საბანკო ჟურნალმა „The Banker“-მა ის 2000-2004 წლებში აზერბაიჯანში წლის ბანკად აღიარა, ხოლო ჟურნალმა „GLOBAL FINANCE“-მა 2001-2005 წლებში მსოფლიოს განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკად მიიჩნია.