გამჭვირვალობის პრინციპი საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აქვს მიჩნეული. „დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული წრეების განხილვის ობიექტი იყო. აღნიშნული დოკუმენტის საზოგადოების ფართო ფენებისათვის წარდგენა თავისთავად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოწოდებულია, სიღრმისეულად გააცნოს საზოგადოებას ქვეყნის ცენტრალური ბანკის საქმიანობა“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, წლიური ანგარიშის საზოგადოებისათვის წარდგენა საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიის საჯარო პრეზენტაციის შემდეგ ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2005 წლის ანგარიშისა და საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიის გარდა, საზოგადოებას წარუდგინა 2006 წლის I კვარტალის ინფლაციური მიმოხილვა. გარდა ამისა, იგი აქვეყნებს ყოველთვიურ მონეტარულ და ფისკალურ მიმოხილვებს, მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენს. ასევე გამოსაცემად მზადდება ფინანსური სტაბილურობის ანგარიში. ყიველივე ეს საზოგადოებას შეუძლია იხილოს როგორც ბეჭდვითი ფორმით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.nbg.gov.ge.
ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ბრძანებაც გამოსცა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ბანკები ვალდებული არიან არა მარტო წლიური, არამედ კვარტალური ფინანსური ანგარიშგებებიც გამოაქვეყნონ. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეც. აღნიშნული წესის ამოქმედება და მის საფუძველზე მიღწეული კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების საჯაროობა ხელს შეიწყობს თითოეული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას, რაც მათ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკი საზოგადოებას განახლებულ ვებგვერდს წარუდგენს.