Available only in Georgian

Available only in Georgian

18 August, 2006
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლოს სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები სამოქმედო პროგრამაზე შეთანხმდნენ, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო მორიგი ტრანშის, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის საკითხს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში განიხილავს.   ფონდის მისია საქართველოში „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის შუალედური მიმოხილვის დოკუმენტის მოსამზადებლად იყო ჩამოსული. ვიზიტის ფარგლებში წარიმართა დისკუსიები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს მთავრობისა და ეროვნულ ბანკის წარმომადგენლებს შორის საქართველოში მიმდინარე მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე.  მათ შორის, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებისა და საბიუჯეტო სფეროში ცალკეული ღონისძიებების გატარების შესახებ.   სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეროვნულმა ბანკმა სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამით გათვალისწინებული ყველა პარამეტრი შეასრულა.   “მთავრობა და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად მოქმედებენ. ლარი მყარი იქნება, ფასების ზრდა შენელდება, ხოლო მაკროეკონომიკური ვითარება საქართველოში ჯანსაღი იქნება. აღნიშნული სავალუტო ფონდს საქართველოში „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის ფარგლებში მორიგი ტრანშის გამოყოფის საშუალებას მისცემს, რაც, თავისთავად, საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური  პოლიტიკის მოწონებას და მხარდაჭერას ნიშნავს,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.    საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი 12 აგვისტოს დაიწყო და იგი 19 აგვისტომდე გასტანს. მისიას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეიკმან-ლინი ხელმძღვანელობს.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა PRGF-ის ფარგლებში დაფინანსების პროგრამა 2004 წლის 4 ივნისს, 141.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული სამწლიანი პროგრამით გათვალისწინებული პირველი ტრანში, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში მის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს, მესამე გასული წლის 5 აგვისტოს, ხოლო მეოთხე 2006 წლის 21 აპრილს ჩაირიცხა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით, 0,5-პროცენტიანი წლიური სარგებლის გადახდითა და 5,5-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.