Available only in Georgian

Available only in Georgian

17 September, 2006
სინგაპურში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების მმართველთა შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე განიხილეს. მათ შორის, საერთაშირისო სავალუტო ფონდის მართვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში ცალკეული სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი კვოტების გაზრდის საკითხზეც. ნიდერლანდების ჯგუფის შეკრებას ესწრებოდა საქართველოს მხრიდან მმართველი აღნიშნულ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე.   ნიდერლანდების ჯგუფის შეხვედრაზე მმართველებმა ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოს ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთობლივ  ანგარიშზე „Doing Business 2007 - როგორ უნდა წარიმართოს რეფორმები“. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სახელმწიფოების ათეულიდან სამი – საქართველო, რუმინეთი და ხორვატია, სწორედ ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი ქვეყნებია. თუმცა შეხვედრაზე განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება სწორედ საქართველოზე, როგორც ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მხრივ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოზე. ნიდერლანდების მთავრობის ვიცე-პრემიერმა გერიტ ზალმმა, რომელიც აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, სიამაყით აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელების მხრივ ყველაზე წარმატებული ქვეყანა საქართველო  სწორედ ნიდერლანდების ჯგუფის წევრია. ანგარიში „Doing Business 2007“ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს ბანკის ჯგუფის წლიური შეხვედრის დროსაც განიხილება, რომელიც სინგაპურში 19-20 სექტემბერს გაიმართება.     მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფში 12 ქვეყანაა გაერთიანებული: ნიდერლანდები, საქართველო, ისრაელი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, ხორვატია, კვიპროსი, ბოსნია-ჯერცოგოვინა, სომხეთი, მოლდოვა, მაკედონია.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებთან და წამყვანი საფინანსო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.     საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები 1946 წლიდან იღებს სათავეს. აღნიშნული თავყრილობების ფორმატი ითვალისწინებს შეხვედრის გამართვას ზედიზედ ორ წელს ვაშინგტონში (შტაბბინაში), ხოლო მესამე წელს – სხვა ქვეყანაში. წელს შეხვედრა სინგაპურში იმართება. ამ ფორუმებში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელი პირები. სინგაპურის ფორუმს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე.