საქართველოს ეროვნულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველი 28-დღიანი აუქციონი გაიმართა. აუქციონზე 1.1 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, რომლებიც სამმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.95%, მაქსიმალურმა 12%, ხოლო საშუალო შეწონილმა – 11.07% შეადგინა.
სადეპოზიტო სერტიფიკატები ფულად-საკრედიტო რეგულირების ახალი, მოქნილი და თანამედროვე ინსტრუმენტია. საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ- და სამთვიანი ფასიანი ქაღალდების ემისიას განახორციელებს. ამ ინსტრუმენტის ამოქმედებით საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის უფრო ეფექტიანად გატარების შესაძლებლობა მიეცემა. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების გამართვა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ასევე ქვეყნის ფულადი ბაზრების განვითარებისათვის. ამ გზით კომერციულ ბანკებს სახსრების ურისკოდ და მაღალლიკვიდურად დაბანდების საშუალება უჩნდებათ, რაც მათ თავიანთი საკრედიტო პორტფელების ოპტიმალურად და ეფექტურად დივერსიფიკაციის გარანტიას აძლევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია ადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების თარიღს, ვადიანობას, ემისიის მოცულობას და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს, რომლის ზემოთაც არ შეიძლება სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა. სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ფასი 1 000 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელ ფუნქციას შეასრულებს. კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ეძლევათ მეორად ბაზარზე გაიტანონ და ერთმანეთში ივაჭრონ საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით. ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკი შესთავაზებს კომერციულ ბანკებს მოსახერხებელ სავაჭრო პლატფორმას. ისინი ასევე უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდები როგორც გირაო ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე და რეპო ოპერაციების დროს.
სადეპოზიტო სერტიფიკატი არის ეროვნული ვალუტით დენომინირებული ფასიანი ქაღალდი, რომელსაც არამატერიალიზებული ფორმა აქვს. სადეპოზიტო სერტიფიკატების ღია, მთლიანად ავტომატიზებული აუქციონები ჩატარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში კვირაში სამჯერ, ერთი და სამი თვის ვადიანობის მქონე რესურსებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციით იქნება აღჭურვილი. საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, აუქციონებში მონაწილეობა მხოლოდ კომერციულ ბანკებს შეეძლებათ.
აუქციონი ჩატარდება მრავალი ფასის მეთოდით (მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული ფასით). სერტიფიკატების გაყიდვა პირველად აუქციონზე მოხდება დისკონტით, ხოლო აღნიშნული ფასიანი ქაღალდები დაიფარება ნომინალური ღირებულებით. საქართველოს ეროვნული ბანკი წინასწარ, სამი სამუშაო დღით ადრე შეატყობინებს კომერციულ ბანკებს აუქციონის ჩატარების თარიღს და აგრეთვე აუქციონზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების სრულ ოდენობას.
აუქციონის შედეგები მყისიერად, აუქციონის დამთავრებისთანავე ცნობილი ხდება მონაწილე ბანკებისათვის. შედეგების ამსახველი ინფორმაცია ასევე ოპერატიულად განთავსდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.