საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალი შეფასება მიეცა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების წლიურ შეხვედრაზე, რომელიც სინგაპურში მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, სინგაპურის ფორუმმა მიიზიდა რეგისტრირებული დელეგატების რეკორდული რაოდენობა – 23 700. ისინი წარმოადგენენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 184 წევრ-ქვეყანას. მაგალითისათვის, 2003 წელს დუბაიში ჩატარებულ ანალოგიურ სამიტს მხოლოდ 10 ათასი დელეგატი დაესწრო.
წლიური შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველობითი რგოლის რეფორმირებაა. კერძოდ, ფონდში ოთხი ქვეყნისათვის – ჩინეთის, სამხრეთ კორეის, მექსიკისა და თურქეთისათვის – კვოტების გაზრდა, რაც აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციაში ამ ქვეყნების ხმებს განსაზღვრავს. საკითხის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების გამო ხმები უნდა მოაკლდეს სხვა ქვეყნებს. სინგაპურის სამიტზე გაცხადდა სავალუტო ფონდის რეფორმირების პროცესის გაგრძელების შესახებ, რაც ფონდის წევრი სახელმწიფოებისათვის კვოტების გადასინჯვას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების მმართველთა მორიგ შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც ნოემბრისთვის დაინიშნა.
სინგაპურის სამიტზე ასევე სერიოზული განხილვის საგანი გახდა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ პოლ ვულფოვეცის ინიციატივა მმართველობის გაუმჯობესებისა და კორუფციის დაძლევის შესახებ, რასაც ცალკეული ქვეყნების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან კორუმპირებულად აღიარების გამო, მათ შეიძლება მსოფლიო ბანკის მხრიდან საკრედიტო ტრანშები შეუწყდეთ.
სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები, ტრადიციულად, სამოქალაქო სექტორისაგან დიდ ყურადღებას ითვალისწინებს. მათი რაოდენობა სინგაპურში 487-ს აღწევს. სამიტის მსვლელობისას სინგაპურის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე ყველაზე აგრესიულად განწყობილი ანტიგლობალისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებს უარი უთხრა. სამიტის მიმდინარეობის დღეებში სინგაპურში საკმაოდ სიმშვიდეა. ამ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, უმჯობესია, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ქვეყნების წლიური შეხვედრის მონაწილეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელონ.