Available only in Georgian

Available only in Georgian

21 September, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკში მომზადდა ცნობარი აღნიშნულ უწყებაში შიდააუდიტორული საქმიანობის შესახებ. გამოცემაში დეტალურადაა განხილული როგორც შიდა აუდიტის ზოგადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს პრაქტიკული ასპექტები და კონკრეტული ამოცანები ქვეყნის ეროვნული ბანკის საქმიანობაში.   შიდა აუდიტი ცენტრალური ბანკის ფარგლებში დამოუკიდებელი საქმიანობის სახეა და, როგორც წესი, ბანკის მმართველის ან მის სტატუსთან გათანაბრებული პირის დაქვემდებარებაშია. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ბანკის წინაშე არსებული თუ მოსალოდნელი ფინანსური და რეპუტაციული რისკების გამოვლენა, შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებების შეთავაზება. ეს ღონისძიებები, ამავე დროს, აუდიტორს მის ხელთ არსებული შეზღუდული რესურსების უფრო ეფექტიანად განაწილებაში ეხმარება.   აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობა დამოკიდებულია აგრეთვე სამუშაოთა ორგანიზებულ წარმართვასა და სათანადო კადრების არსებობაზე, ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან სრულყოფილი ინფორმაციის შეუფერხებელ გაცვლაზე, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული შიდა აუდიტის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპი.   ცნობარში დეტალურად არის აღწერილი კონტროლის პროცედურები და აუდიტორული სამსახურის ხელთ არსებული საშუალებები, რომელთა გამოყენებით  ამ სამსახურმა მკვეთრად უნდა შეამციროს ამდაგვარ საფინანსო დაწესებულებისთვის დამახასიათებელი რისკები, დაეხმაროს ხელმძღვანელობას  მათ მართვაში.   ცნობარში, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტორული სამსახურის თანამშრომლების უფლება და მოვალეობებს, რაც საინტერესო იქნება არა მხოლოდ ცენტრალური ბანკის, არამედ კომერციული ბანკების შიდა აუდიტორებისთვის და, ზოგადად, ყველა შიდა აუდიტორული სამსახურების მუშაკებისთვის, დასაბუთებულია შიდა და გარე აუდიტორთა შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის აუცილებლობა და საქმიანი თანამშრომლობის სარგებლიანობა.