საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა, რომელიც შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.
ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმებისა და საგარეო ფაქტორების გავლენის ფონზე, ეროვნული ბანკი წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლს
6-7 პროცენტის ფარგლებში განსაზღვრავს. ფასების საერთო დონის მატების ამ პარამეტრებში შენარჩუნება ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის, ფინანსური სტაბილურობისა და საფინანსო შუამავლობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა განხორციელდება მცურავი გაცვლის კურსის რეჟიმში. ლარის გაცვლის კურსის მკვეთრი კონიუნქტურული რყევების თავიდან ასაცილებლად და სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს ორმხრივ სავალუტო ინტერვენციებს. ამასთან, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები მხოლოდ გაცვლის კურსის მერყეობის დიაპაზონის შესამცირებლად იქნება გამიზნული და წინააღმდეგობაში არ მოვა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შედეგად ჩამოყალიბებულ საბაზრო ტენდენციებთან. გარდა ამისა, ფასების სტაბილურობის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს ლარის რეალური ეფექტური გაცვლის კურსის ისეთი დინამიკის ჩამოყალიბებას, რომელიც დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.
საბანკო სექტორში კონსოლიდაციის პროცესის გაგრძელებისა და ფინანსური შუამავლობის როლის ზრდისთვის მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების კაპიტალიზაციის შემდგომი ამაღლება. გაგრძელდება კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ეტაპობრივი ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბანკო სისტემის მდგრადობის განმტკიცებას.