29 სექტემბერს, გვიან ღამით, ვაშინგტონში (აშშ, კოლუმბიის ოლქი) საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო საქართველოსთან გაფორმებული „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის“ მიმდინარეობის საკითხს განიხილავს. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ყველა პარამეტრის დაცვა უზრუნველყვეს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომან გოცირიძეს სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების იმედს აძლევს.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 20.4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ტრანშს ჩარიცხავს.
საქართველო მორიგ ტრანშს „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის (PRGF) პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსათვის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) ფარგლებში დაფინანსების პროგრამა, 141.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 2004 წლის 4 ივნისს დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველომ უკვე მიიღო, დაახლოებით, 80 მილიონი აშშ დოლარი.