უახლოეს მომავალში საქართველოს საბანკო ბაზარს სამი ახალი ბანკი შეემატება. საუბარია მსხვილ ფრანგულ ბანკზე „სოსიეტე ჟენერალე“, რომელმაც შეისყიდა „ბანკ რესპუბლიკას“ აქციათა საკონტროლო პაკეტი, ყაზახურ „ალიანს ბანკზე“, რომელიც საქართველოში ფილიალს ხსნის. აგრეთვე „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკზე“. იგი საქართველოში ბანკს აფუძნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ადგილობრივ საბანკო ბაზარზე უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა უმთავრესი პრიორიტეტია. მათი შემოსვლა ადგილობრივ ბაზარზე ქართული საბანკო სექტორის კონკურეტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ფრანგული ბანკი „სოსიეტე ჟენერალე“ დაფუძნდა 1864 წელს. იგი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია ევროზონაში. 2006 წლის ივნისის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები 1 516 მლრდ ევროს შეადგენს. ამ ბანკში მსოფლიოს 76 ქვეყანაში დასაქმებულია 103 ათასამდე ადამიანი, ემსახურება 20 მლნ-ზე მეტ კლიენტს.
„ალიანს ბანკი“ ყახაზეთში აქტივების სიდიდით მეოთხე ბანკია. 2006 წლის 1 მაისის მდგომარეობით, „ალიანს ბანკის“ აქტივებმა 448,7 მლრდ ტენგე, ვალდებულებებმა 416,9 მლრდ ტენგე, ხოლო ბანკის კაპიტალმა კი 31,8 მლრდ ტენგე შეადგინა. 2006 წლის იანვარ-აპრილში ბანკის მოგებამ 1 მლრდ ტენგე შეადგინა. (მიმდინარე წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 აშშ დოლარი 127.12 ტენგეს უტოლდება.) 2005 წელს ავტორიტეტულმა ჟურნალმა „The Banker“-მა „ალიანს ბანკი“ გარდამავლი ეკონომიკის მქონე ქვეყნების 377 ბანკთან შედარებით ყველაზე სწრაფად ზრდად ბანკად დაასახელა. 2006 წლის 1 ივნისისათვის ამ ბანკის რეგიონული ქსელი ყაზახეთის 27 ქალაქში 18 ფილიალითა და 81 განყოფილებით არის წარმოდგენილი.
„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი”, რომლის აქციების 50 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანის მთავრობას ეკუთვნის, 2005 წლის ბოლოსათვის ფლობდა აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივების 50.9 პროცენტს (1257.9 მლნ აშშ დოლარს), საკრედიტო პორტფელის 53.48 პროცენტს, დეპოზიტების 61.91 პროცენტს, სააქციო კაპიტალის 24.58 პროცენტს (90.92 მლნ აშშ დოლარს). 2006 წელს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსაგან (Fitch) მიღებული აქვს გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ და მოკლევადიანი და ინდივიდუალური რეიტინგი „B“.
2006 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 18 კომერციული ბანკი, რომელთაგან ორი უცხოური ბანკის ფილიალია. საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების მოცულობამ 3,519 მლრდ ლარი შეადგინა.