საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 720 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 28 ნოემბერს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 89.23 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, რომელიც სავალუტო რეზერვების ანგარიშზე წარიმართა. საბირჟო სესიაზე 88 მილიონი აშშ დოლარის მიწოდება სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკმა“ განახორციელა, აღნიშნული კი გამოწვეული იყო „საქართველოს ბანკის“ მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების გაყიდვიდან მიღებული სავალუტო შემოსავლების კონვერტირების საჭიროებით. ეს თანხა „საქართველოს ბანკის“ საკუთარი სააქციო კაპიტალის გასაზრდელად წარიმართა. კონვერტირებით მიღებული ლარებით „საქართველოს ბანკი“ შეიძენს საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა ვადიანობის მქონე ფასიან ქაღალდებს, რათა არ მოხდეს ფულის მასის ზრდა.
ცნობისათვის, წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 248 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა - 2006 წლის 4 იანვარს იგი 475 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც 2004 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი მხოლოდ 191.953 მილიონი აშშ დოლარი იყო.