საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ლონდონის საფონდო ბირჟის ვაჭრობაზე პირველი ქართული ბანკის „საქართველოს ბანკის“ აქციებით ვაჭრობას მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა. „საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ყველამ კარგად იცის, რომ ქართული საბანკო არხების მეშვეობით შეუძლებელია ფულის გათეთრება ან სხვა სახის მანიპულაციები, რაც მას უცხოელი ინვესტორების თვალში ავტორიტეტს მატებს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მისი განმარტებით, რომ არა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყნის მაღალი სუვერენული რეიტინგი და საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური კურსი, არც ერთი ინვეტორი ქვეყნის საფინანსო სისტემაში ასეთ უზარმაზარ კაპიტალდაბანდებას არ განახორციელებდა.
რომან გოცირიძემ „ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების გატანას „საქართველოს ბანკის“ განახლებული მენეჯმენტის სერიოზული წარმატება უწოდა.
„საქართველოს საბანკო სისტემაში მხოლოდ სუფთად და გამჭვირვალედ მუშაობა შეიძლება. სერიოზულ ინვესტორებს სწორედ ასეთი გარემო იზიდავს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აქვე აღნიშნა, რომ წელიწადნახევრის წინ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ბანკი სწორედ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის შედეგად დაიხურა. საერთაშორისო საბანკო წრეებისათვის ეს იყო სიგნალი, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ის სივრცეა, სადაც ურისკო საქმიანობისათვის ყველა პირობაა შექმნილი.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე ბანკი აპირებს დიდი მოცულობით უცხოური კაპიტალის მოზიდვას. უკვე კონკრეტულად არის ცნობილი ის დასავლური კომპანიები, რომლებიც მომავალი წლის პირველ კვარტალში ასევე დიდი მოცულობის ინვესტიციებით შემოვა ქართულ საბანკო სივრცეში, რაც საქართველოს საბანკო სისტემას უფრო მეტად კაპიტალიზებულს, მიმზიდველსა და საიმედოს გახდის“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.