Available only in Georgian

Available only in Georgian

04 December, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დევიდ ოუენი და ამავე დაპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეიკმან-ლინი ხელმძღვანელობდნენ.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“  (PRGF)პროგრამის მიმდინარე საკითხებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დევიდ ოუენის განცხადებით, „ფონდის მისიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციის ერთნიშნა ნიშნულამდე დაყვანა შეძლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მტკიცე რჩება,  მყარია ლარის გაცვლის კურსი, ხოლო შიდა სავალუტო ბაზრები – სტაბილური. აღნიშნული ფაქტორები იმედის მომცემია, რაც ჩვენ მოლოდინს ოპტიმისტურს ხდის.“  საქართველოს ეკონომიკურ სფეროში არსებულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯონ ვეიკმან-ლინმა. მისი თქმით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  შემოდინების ტემპი სწრაფად მზარდია, რაც მომავალ წელს ასევე გაგრძელდება.  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს  მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით დაგეგმილი პარამეტრები შეასრულა. „დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ეს კურსი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამისათვის, ყველა წინაპირობა არსებობს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, „საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა მის ხელთ არსებული მონეტარული ინსტრუმენტების მეშვეობით, არეგულირებს ფულადი მასის ცვლილებას მიმოქცევაში და ის სისტემატურ კონტროლზე ჰყავს აყვანილი.“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2007 წლის პარამეტრებიც ასევე წარმატებით იქნება შესრულებული. შესაბამისად, საქართველო „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ ფარგლებში 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.   ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.    12 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მასმედიის წარმომადგენლებისათვის ბრიფინგს გამართავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის სამუშაო ვიზიტი საქართველოში 2 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გასტანს.