Available only in Georgian

Available only in Georgian

07 December, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ სემინარზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯონ ვეიკმან-ლინმა საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის სანქციების გავლენის შესახებ ისაუბრა. სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.   სემინარზე განხილული იყო რუსეთის სანქციების წარმოქმნით განპირობებული რისკები და მათი განეიტრალების გზები.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯონ ვეიკმან-ლინის განცხადებით, „ძალიან ცოტა ქვეყანა არსებობს მსოფლიოში, რომლებიც ასეთი ეკონომიკური გარე რისკების მიუხედავად მაინც აგრძელებს ზრდას“. ჯონ ვეიკმან-ლინმა საქართველოს ეკონომიკისათვის რუსეთის სანქციების შესაძლო ზარალი 250-300 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში შეაფასა, თუმცა დასძინა, რომ ამის მიუხედავად, „საქართველოში მკვეთრად იზრდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის ფაქტი, რომ ინვესტორების ნდობის ხარისხი  ქართული ეკონომიკისადმი მაღალია“.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად შეისწავლა  შესაძლო უარყოფითი ეკონომიკური ეფექტები, რაც შესაძლებელია მოყვეს რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ სანქციებს“.   რომან გოცირიძის თქმით, „საქართველოში საბანკო სისტემის განვითარების ტემპები მომავალ წელსაც მაღალი იქნება. საქართველოს საბანკო სექტორში დადგემილია 400-500 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციების შემოსვლა, ლარი მყარი ვალუტა იქნება, ინფლაცია კი ერთნიშნა ნიშნულამდე შენარჩუნდება“.   ფინანსთა მინისტრის ალექსი ალექსიშვილის განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკებისათვის მომზადებული აღმოჩნდა. საქართველოს ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5 პროცენტის ფარგლებში ზრდას მომავალ წელსაც გააგრძელებს“.