Available only in Georgian

Available only in Georgian

04 January, 2007
საქართველოს ეროვნულ ბანკში 2006 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც ბანკის ვიცე-პრეზიდენტები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.   შედეგების შეფასებისას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკამ 2006 წელს მდგრადობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა.   „ქვეყანაში მიმდინარე ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების ფონზე 2006 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო ფულით ეკონომიკის ადეკვატური   უზრუნველყოფა ისე, რომ შეუფერხებლად წარმართულიყო საბიუჯეტო პროცესი და ზღვრულ ნორმებში შენარჩუნებულიუო ინფლაციის მაჩვენებელი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ამ არცთუ ადვილ ამოცანას, თავი გაართვა. წლის ბოლოსათვის ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებლამდე დავიდა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, რომელმაც  2006 წლის საქართველოს საბანკო სისტემის ციფრობრივ ორიენტირებზეც გაამახვილა ყურადღება და მას უპრეცენდენტოდ წარმატებული უწოდა.    საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – გაიზარდა 82.4%-ით გაიზარდა და 4.6 მილიარდი ლარი შეადგინა; (2005 წელს ზრდა 50% იყო);   სააქციო კაპიტალი – გაიზარდა 90%-ით და 911 მილიონი ლარი შეადგინა. (2005 წელს ზრდა 29% იყო);   მთლიანი სესხები – 2006 წელს მთლიანი სესხები 55.5%-ით გაიზარდა და 2700 მლნ ლარი შეადგენდა (2005 წლის ბოლოს ანალოგიური მაჩვენებელი 1.7 მილიარდი ლარი იყო);   სესხები ეროვნული ვალუტით – 2006 წელს 74%-ით გაიზარდა და 705 მილიონი ლარი შეადგინა;   სესხები უცხოური ვალუტით – 61%-ით გაიზარდა და 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა;   მთლიანი დეპოზიტები – 2006 წელს 66%-ით მოიმატა და 1.8 მილიარდი ლარი შეადგინა.   დეპოზიტები ეროვნული ვალუტით – 70%-ით გაიზარდა და 567 მილიონი ლარი შეადგინა;   დეპოზიტები უცხოური ვალუტით – 57%-ით გაიზარდა და 736 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა;   დეპოზიტების დოლარიზაციამ – 2006 წლის ბოლოს 69% შეადგინა. (2005 წლის დეკემბრის აღნიშნული მაჩვენებელი 72% იყო);   საერთაშორისო სავალუტო რეზერვები – 86%-ით გაიზარდა და 882 ლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 469 მლნ აშშ დოლარი იყო);   საბანკო სისტემის წმინდა მოგება 65%-ით გაიზარდა და 102 მილიონი ლარი შეადგინა.   საქართველოში ბანკომატების რაოდენობა, ნოემბრის მონაცემებით, გაორმაგდა და 298 ერთეულს მიაღწია.   პლასტიკური ბარათები 3.5-ჯერ გაიზარდა და 900 ათასს გადააჭარბა. ბარათების უმეტესობა საერთაშორისო ანგარიშსწორების ქსელშია ჩართული, მათგან უმეტესობა „ვიზა“  ბარათებია, ხოლო მეორე ადგილზეა შემდგომ მოდის „მასტერ ქარდი/ევრო ქარდი“.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წარმატებით შესრულდა სავალუტო ფონდის ყველა მიზნობრივი და ინდიკატორული მაჩვენებლები. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება, რომელიც მოქნილი და თანამედროვე ინსტრუმენტია ლიკვიდობის მართვისათვის. ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მთავრობის დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ გადაფორმდა ფასიან ქაღალდებად, რომელიც გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ ღია ბაზრის ოპერაციებისათვის.   2006 წლის მაისში, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, კანონით აიკრძალა ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის დაფინანსება, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობაა.   საქართველოს ხაზინასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გაუმჯობესდა მიმდინარე ლიკვიდობის პროგნოზირება (ერთ, სამ და 12 თვის ვადიანობის), რამაც ხელი შეუწყო მონეტარული ოპერაციების უკეთესად დაგეგმვას.   „საქართველოს ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში, ერთი მხრივ, მკაცრად და სკრუპულოზურად ახორციელებდა ბანკების ზედამხედველობას, ხოლო, მეორე მხრივ, ხდებოდა პროცედურებისა და მოთხოვნების ოპტიმიზაცია, რაც ხელს უწყობდა ჯანსაღი ფინანსური სისტემის მშენებლობას”, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.     2006 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკის ინციატივით საქართველოში საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ნორმები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შეიცვალა. კერძოდ, გაუქმდა საწესდებო კაპიტალის 25%-იანი წილის ფლობასთან დაკავშირებული შეზღუდვა, რამაც ხელი შეუწყო ბანკის რეალურ მფლობელთა ინდენტიფიცირებასა და საბანკო სფეროში ინვესტიციების მოზიდვას.   კომერციული ბანკების მეანაბრეთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, მომზადდა კანონპროექტი „ფიზიკურ პირთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ“. კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო რისკების მართვის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში საკრედიტო კულტურის ამაღლების ხელშეწყობისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, შემუშავებული იქნა კანონპროექტი „საკრედიტო ბიუროების საქმიანობის შესახებ“.   გასულ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ბანკის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტის მომზადება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით იქნა შემუშავავებული. ამ კანონპროექტის შემუშავების ძირითადი მიზანი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით სიღარიბის დასაძლევად მიკროსეხების პროგრამების განხორციელებისათვის ხელშეწყობა.   იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტალის ადეკვატური ოდენობა არის ბანკის სტაბილურობისა და გადახდისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კომპონენტი, ასევე საბანკო სექტორის სტაბილურობისა და საიმედოობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი კომერციული ბანკები იყვნენ კარგად კაპიტალიზირებულნი, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია საზედამხედველო კაპიტალის 12 მილიონ ლარამდე ზრდა განხორციელდეს შემჭიდროვებულ ვადებში. შესაბამისად, მიღებულ იქნა ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც ცვლილებები განხორციელდა საზედამხედველო კაპიტალის შევსების გრაფიკში და კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული კაპიტალის მინიმალური ოდენობის 12 მლნ ლარამდე შევსების საბოლოო ვადად დადგინდა 2007 წლის 30 ივნისი, ნაცვლად 2008 წლის 31 დეკემბრისა.   გასულ წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ იქნა ნორმატიული აქტი „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის“ შესახებ. შედეგად, ხელი შეეწყობა ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობას და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას ბანკის, მისი ფინანსური მდგომარეობის, ბანკის მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებული საბანკო პროდუქტებისა და სხვათა შესახებ, რაც დადებითად აისახება როგორც თავად ბანკის, ასევე საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე.   დაიხვეწა და გამარტივდა მოთხოვნები ფილიალებისა და სერვის ცენტრებისათვის, რამაც ხელი შეუწყო კომერციული ბანკების სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას, შედეგად მოსახლებისათვის საბანკო მომსახურება უფრო მოხერხებული და მისაწვდომი გახდა.   ცვლილებები ასევე შეეხო ბანკის ლიკვიდაციის დროს ბანკის ფიზიკურ პირთა ანაბრების გასტუმრების რიგითობის საკითხის მოწესრიგებას. ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია ფიზიკურ პირთა ანაბრებიდან პირველ რიგში დაიფაროს ანაბრები 1500 ლარის ფარგლებში‚ რომელიც შეესაბამება ბანკებში მცირე თანხების მქონე‚ ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენების მფლობელობაში არსებულ დეპოზიტებს.   გამარტივდა ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზიის მიღების პროცედურა და მოთხოვნები. კერძოდ სალაროს სავალდებულო მინიმალური ფართი ჯერ შემცირდა 18 კვ.მ-დან 10 კვ.მ-მდე, ხოლო შემდგომ 6 კვ. მ-ით განისაზღვრა.   ამჟამად გრძელდება მუშაობა ვალუტის გადაცვლის საქმიანობის ლიცენზირებისა და ზედამხედველობის პირობების კიდევ უფრო ლიბერალიზაციის მიმართულებით. კერძოდ‚ მზადდება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების  ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის“ ახალი რედაქცია‚ რომლის ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გამარტივდება აღნიშნული პუნქტების ლიცენზირებისათვის აუცილებელი მოთხოვნები‚ შემცირდება და დიფერენცირებული გახდება სხვადასხვა დარღვევისათვის დასაწესებელი ფულადი საჯარიმო სანქციები.   2006 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა ევროპის საბჭოს MONEYVAL-კომიტეტის მიერ ჩატარებული მესამე რაუნდის შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლასა და შეფასებას. შემოწმება ატარებდა კომპლექსურ ხასიათს და ეხებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ეტაპსა და ასპექტს და მოიცავდა ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სტრუქტურის საქმიანობას.   ამასთან აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის ბოლო დღეს შედგენილ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს უშუალოდ ვიზიტის პერიოდში შექმნილი შთაბეჭდილებების მიხედვით გაკეთებულ დასკვნებსა და შენიშვნებს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა უაღრესად დადებითადაა შეფასებული. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის განხილვა შედგება 2007 წლის თებერვალში ქ. სტრასბურგში.   2006 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებდა  „მონეტარული და ფისკალური მიმოხილვას“, ოპერატიულ და ყოველთვიურ სტატისტიკას. ყოველკვარტალურად გამოიცემა „ინფლაციის მიმოხილვა“. 2006 წელს პირველად გამოიცა „ფინანსური სტაბილურობის ანგარიში“.   2006 წელს საქართველოში პირველად მომზადდა „საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია“, რომელის მოიცავს 2006-2009 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს.   2006 წლის 15 დეკემბრიდან საქართველო გაწევრიანდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების ზოგად სისტემაში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სტატისტიკური მაჩვენებლების საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტების მიხედვით წარმოებისათვის.   „2006 წლის შედეგებიდან და 2007 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში ზრდის ტემპი მომავალ წელსაც შთამბეჭდავი იქნება, ინფლაცია ერთნიშნა, ლარი კი – სტაბილური“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.