Available only in Georgian

Available only in Georgian

23 January, 2007
საქართველოს ეროვნულ ბანკში საქართველოში არსებული საგადამხდელო სისტემების მოდერნიზების სტრატეგიისა და აღნიშნულ საკითხზე მომზადებული ცნობარის – „საგადამხდელო სისტემების ძირითადი პრინციპები“ – პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგია და ცნობარი ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადამხდელო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ გრიგალაშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდაძემ წარუდგინეს.   „საგადამხდელო სისტემების ძირითადი ფუნქცია არის გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების უსაფრთხო, საიმედო და დროული გადატანა. ამდენად, საგადამხდელო სისტემების გამართულ და ეფექტურ მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეალიზებაში“, – განაცხადა ზურაბ გრიგალაშვილმა. მისი განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უახლოეს პერიოდში გეგმავს საქართველოში მოქმედი საგადამხდელო სისტემის მოდერნიზებას, რაც გულისხმობს, როგორც არსებულის განახლებას, ასევე ახალი, თანამედროვე სისტემების დანერგვას.   „აღნიშნული სისტემების მოდერნიზების აუცილებლობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, საბანკო გადარიცხვების რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდამაც გამოიწვია. 2006 წლის განმავლობაში არსებული სისტემის საშუალებით დამუშავდა 4.2 მლნ გადარიცხვა, რაც 60 პროცენტით აღემატება 2005 წლის შესაბამის მაჩვენებელს“, – აღნიშნა ზურაბ გრიგალაშვილმა.     პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ ბანკში მომზადებული ცნობარი საგადამხდელო სისტემების ძირითადი პრინციპების შესახებ. ამ გამოცემის მიზანია საქართველოს საგადამხდელო სისტემის იმ მთავარი საკითხების წარმოდგენა და განხილვა, რომელთაც საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.     გამოცემაში განხილულია საგადამხდელო სისტემების როლი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებაში. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე საგადამხდელო სისტემებში, წარმოდგენილია სხვადასხვა სახის საგადამხდელო ინსტრუმენტები, დეტალურადაა მოცემული ძირითადი ტიპის საგადამხდელო სისტემები, როგორიცაა რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემა და კლირინგი.      ცნობარში საზოგადოების ფართო ფენებისათვის მისაღები ფორმითაა განხილული საგადამხელო სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების კონცეპტუალური მიდგომები და მათი გამოყენების შესაძლებლობები. წარმოდგენილი მასალის ადვილად აღქმის მიზნით, რიგ თეორიულ ნაწილს ახლავს პრაქტიკული მაგალითები. „საგადამხდელო სისტემების ძირითადი პრინციპები“ რიგით მესამე გამოცემაა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და საქმიანობაზე. პირველი ორი ცნობარი საქართველოში საბანკო ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის ძირითად პრინციპებს ასახავს.