Available only in Georgian

Available only in Georgian

07 February, 2007
„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ შვილეულმა კომპანიამ, ბანკმა „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ საქართველოში საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის გადაცემის ცერემონია საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა. „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ასკერ მამედოვს ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გადასცა. ლიცენზიის გადაცემის „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს“ სურვილი აქვს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ პრეზიდენტმა ჯაჰანგირ გაჯიევმა.     საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიესალმა უმსხვილესი აზერბაიჯანული ბანკის შემოსვლას საქართველოს ბაზარზე. მისი თქმით, 2007 წელს საქართველოს საბანკო სექტორში ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს საბანკო ბაზარი მიმზიდველი ხდება მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისათვის. ჩვენ ველოდებით ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის უცხოურ ინვესტიციას საქართველოს საბანკო სექტორში როგორც სააქციო კაპიტალში, ასევე გრძელვადიანი სესხების სახით“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   რომან გოცირიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანული ბანკის საქმიანობის დაწყება საქართველოში არის გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი საერთოკავკასიური და რეგიონული პროექტებისა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ყულევის ნავთობტერმინალი და ბევრი სხვ.   „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“  დამფუძნებლები არიან აზერბაიჯანის ბანკები – „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ – 75%-იანი წილით,  „CI-Bank“ – 25%-იანი წილით.   „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“, რომლის აქციების 50 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანის მთავრობას ეკუთვნის, 2005 წლის ბოლოსათვის ფლობდა აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივების 50.9 პროცენტს (1257.9 მლნ აშშ დოლარი), საკრედიტო პორტფელის 53.48 პროცენტს, დეპოზიტების 61.91 პროცენტს, სააქციო კაპიტალის 24.58 პროცენტს (90.92 მლნ აშშ დოლარი).    2006 წელს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსაგან (Fitch) მიღებული აქვს გრძელვადიანი რეიტინგი  „BB“, მოკლევადიანი რეიტინგი „B“ და ინდივიდუალური რეიტინგი „D/E“. ცერემონიალს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ პრეზიდენტი ჯაჰანგირ გაჯიევი დაესწრო.