Available only in Georgian

Available only in Georgian

20 February, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის Visa International–ის ოფისიდან წერილი მიიღო, რომელშიც აფხაზეთში პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების საკითხს შეეხება. წერილს ხელს აწერს კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მენეჯერი რუსეთსა და დსთ–ის ქვეყნებში ლუ ნაუმოვსკი (Lou Naumovski). Visa International–ის წერილი პასუხია საქართველოს ეროვნული ბანკიდან გაგზავნილ შეტყობინებაზე, რომლის თანახმადაც ზოგიერთი რუსული ბანკი აფხაზეთის ტერიტორიაზე Visa–ბარათებით ანგარიშსწორებას ეწევა.   „ჩვენ გვინდა დაგარწმუნოთ, რომ აფხაზეთში ამჟამად არ არსებობს Visa–ს მიერ ლიცენზირებული ბანკი, რომელსაც ექნებოდა Visa–ს პლასტიკური ბარათის გამოცემისა ან შეძენის უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე. Visa International–ის საოპერაციო წესების შესაბამისად, არაუფლებამოსილი ტრანსაქციები საზღვრებს მიღმა სასტიკად აკრძალულია. საქართველოსათვის აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გამოვიძიოთ ნებისმიერი ასეთი სახის საზღვარს მიღმა ოპერაციების ფაქტი, თუკი თქვენ მოგვაწვდით მტკიცებულებებს მათ შესახებ. მათ შორის, ტრანსაქციების დეტალებს (თარიღი, ადგილმდებარეობა, თანხა, ჩეკის ასლი, დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გამცემი და მიმღები ბანკის თაობაზე და სხვ.) აღნიშნული მტკიცებულებების მიღების შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ Visa მიიღებს შესაბამის ზომებს იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც არ იცავენ Visa International CEMEA (შედის ცენტრალური ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა)–ს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ შევძლებთ ასეთი სახის საზღვრებს მიღმა ოპერაციების განხორციელების დამტკიცებას,“ – ნათქვამია Visa International–ის უფროსი ვიცე–პრეზიდენტის წერილში.     საქართველოს ეროვნული ბანკიდან Visa International–ში გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებისაგან უკონტროლო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ზოგიერთი ბანკი ახორციელებს Visa International–ით ანგარიშსწორების ოპერაციებს, რაც ეწინააღმდეგება საფინანსო–საბანკო სფეროში მოქმედ საერთაშორისო პრინციპებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ზოგად ნორმებს. „იმედი გვაქვს, რომ Visa International–ი მოახდენს ადეკვატურ ოპერატიულ რეაგირებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და გაატარებს შესაბამის ქმედებებს ამ უკანონო ოპერაციების გამოსავლენად და აღსაკვეთად,“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის წერილში.   საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანალოგიური წერილით მიმართა Master Card-ს.