2007 წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით, დაახლოებით, 51.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძოდ, 2006 წლის იანვრის მაჩვენებელს იგი, დაახლოებით, 14.6 მლნ აშშ დოლარით (39.4 პროცენტით) აღემატება.
რაც შეეხება ფულადი გზავნილების გეოგრაფიას, 2007 წლის იანვარში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი –35.3 მლნ აშშ დოლარი (68.6 პროცენტი) რუსეთის ფედერაციიდან, 6.3 მლნ აშშ დოლარი (12.2%) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 1.4 მლნ აშშ დოლარი (2.8 პროცენტი) საბერძნეთიდან, 1.3 მლნ აშშ დოლარი (2.6 პროცენტი) უკრაინიდან და 1.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 პროცენტი) თურქეთიდან გადმოირიცხა.
2006 წლის იანვართან შედარებით, 2007 წელს 12.3 მლნ აშშ დოლარით (54 პროცენტით) გაიზარდა რუსეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების ოდენობა.
2007 წლის იანვარში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია, დაახლოებით, 5 მლნ აშშ დოლარი, რაც 6 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი – 2 მლნ აშშ დოლარი (41 პროცენტი) რუსეთზე მოდის, მეორე პოზიციაზე უკრაინა, სადაც 0.74 მლნ აშშ დოლარი (14.9 პროცენტი) გადაიგზავნა, შემდეგაა თურქეთი – 0.33 მლნ აშშ დოლარი (6.6 პროცენტი), აზერბაიჯანი – 0.26 მლნ აშშ დოლარი (5.3 პროცენტი) და გერმანია 0.18 მლნ აშშ დოლარი (3.7 პროცენტი).