საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობას შეუდგა სემინარი თემაზე „ფულის გათეთრების პრევენცია“, რომელსაც უძღვება ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოს ექსპერტი დოქტორი ჟერარ ზოლტი. სემინარში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.
სემინარის პირველ დღეს ყურადღება გამახვილდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ლუქსემბურგის მოდელისა და ზოგადად, ამ პრობლემის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე. უცხოელმა ექსპერტმა ისაუბრა უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის შესახებ და ამ მიმართულებით ავტორიტეტული საერთაშორისო ჯგუფის FATF-ის (სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის) მიერ დანერგილი რეკომენდაციების გატარების აუცილებლობაზე.
ჟერარ ზოლტმა საქართველოს საბანკო სექტორთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე ავტორიტეტული უცხოური საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლა ადგილობრივ ბანკებში ფულის გათეთრების რისკს მკვეთრად ამცირებს.
სემინარზე უცხოელმა ექსპერტმა აფხაზეთში უკანონოდ მოქმედი ბანკებისა და სხვადასხვა საფინანსო ჯგუფების საქმიანობაც მიმოიხილა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთში მოქმედი საფინანსო ჯგუფები, ე.წ. აფხაზეთის ეროვნული ბანკი და სხვა ბანკები შემჩნეული არიან ფულის გათეთრების ოპერაციების ხელშეწყობაში. გარდა ამისა, აფხაზეთში ძალაშია ე.წ. კანონები, მაგალითად, საწარმოთა საქმიანობის რეგულირებისა და უცხოური ინვესტიციების შესახებ, რომლებიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ერთგვარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ჟერარ ზოლტმა აღნიშნა, რომ საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შეიძლება განიხილებოდეს როგორც ავღანეთიდან დასავლეთ ევროპისაკენ ნარკოტიკების ტრანზიტის პოტენციური სახელმწიფო. ამდენად, მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია და კონტროლი ქვეყნის საზღვრებზე.
სემინარი საქართველოს ეროვნულ ბანკში 7 მარტამდე გაგრძელდება.
ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს საფინანსო და საბანკო სექტორების წარმომადგენლებისათვის 2007 წლის განმავლობაში სასწავლო სემინარების ჩატარებას. სემინარები გაიმართება თბილისსა და ლუქსემბურგში. მომავალში საქართველოში განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზატორი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკი. რაც შეეხება ლუქსემბურგში ორგანიზებულ სემინარებს, ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტო აანაზღაურებს მონაწილეთა ხარჯებს.
2007 წელს აგრეთვე დაგეგმილია თბილისში შემდეგი სემინარების ჩატარება:
21-23 მაისს – „მიკროდაფინანსების კონცეფციები“
10-12 სექტემბერი – „რისკის მართვა“
1-3 ოქტომბერი – „მარკეტინგი და სტრატეგიული დაგეგმვა“
„შიდა და გარე აუდიტი“ (სემინარის ჩატარების თარიღი დაზუსტდება)