Available only in Georgian

Available only in Georgian

21 March, 2007
2007 წლის იანვარ-თებერვალში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით, დაახლოებით, 102.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძოდ, 2006 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს იგი, 37.8 მლნ აშშ დოლარით (58.5 პროცენტით) აღემატება.   მიმდინარე წლის თებერვალში საბანკო არხების მეშვეობით უცხოეთიდან საქართველოში გადმოგზავნილი სწრაფი გზავნილების მოცულობამ 50.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 23.3 მლნ აშშ დოლარით (84.4 პროცენტით) მეტია.   რაც შეეხება ფულადი გზავნილების გეოგრაფიას, 2007 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 66.1 მლნ აშშ დოლარი (65 პროცენტი) რუსეთის ფედერაციიდან, 14.5 მლნ აშშ დოლარი (14 პროცენტი) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 3.1 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტი) საბერძნეთიდან, 2.7 მლნ აშშ დოლარი (2.6 პროცენტი) უკრაინიდან და 2.4 მლნ აშშ დოლარი (2.3 პროცენტი) თურქეთიდან გადმოირიცხა.   2006 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში 25.1 მლნ აშშ დოლარით (61 პროცენტით) გაიზარდა რუსეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების ოდენობა.   2007 წლის იანვარ-თებერვალში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია, 11.1 მლნ აშშ დოლარი, რაც 7.7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი – 4.6 მლნ აშშ დოლარი (41.5 პროცენტი) რუსეთზე მოდის, მეორე პოზიციაზე უკრაინა, სადაც 1.6 მლნ აშშ დოლარი (14.4 პროცენტი) გადაიგზავნა, შემდეგაა თურქეთი – 0.64 მლნ აშშ დოლარი (5.8 პროცენტი), აზერბაიჯანი – 0.60 მლნ აშშ დოლარი (5.4 პროცენტი) და გერმანია 0.43 მლნ აშშ დოლარი (3.9 პროცენტი).