ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები

    საფინანსო სექტორის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებების ფორმალიზების მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭომ საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა.

     

    აღნიშნული მიმართულებები ეროვნული ბანკის არსებული პრაქტიკის ძირითად ასპექტებს მოიცავს:

    • საფინანსო სექტორის ზედამხედველობა განხორციელდეს რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის გათვალისწინებით;

     

    • საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისას ეროვნული ბანკი დაეფუძნოს, როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას. საზედამხედველო პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო ინსტიტუტებთან ნაკისრი ვალდებულებები და მათგან მიღებული რეკომენდაციები;

     

    • საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების მიმართულებებმა მოიცვას კაპიტალის, ლიკვიდობის, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და სხვა მიკრო და მაკროპრუდენციული მოთხოვნების დაწესება;

     

    • ფინანსური რისკების შეფასებასთან ერთად, ეროვნული ბანკის პრიორიტეტი უნდა იყოს არაფინანსური რისკების შეფასება და ამ მიმართულებით შესაბამისი მოთხოვნების დაწესება;

     

    • მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა რისკების მიმართ ტექნოლოგიური ნეიტრალურობის, ღია რეგულირებისა და უცნობი რისკების შესწავლის პრინციპების სათანადო დაცვის პირობებში განხორციელდეს;

     

    • მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვისა და საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, გაგრძელდეს ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სფეროებში კონკურენციის პოლიტიკის პრაქტიკაში ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა;

     

    • ინვესტორთა დაცვის მანდატის ეფექტურად აღსრულებისათვის, შენარჩუნდეს გამჭვირვალობის, სამართლიანობის, თანასწორი და ერთგვაროვანი მოპყრობის პრინციპები და გაგრძელდეს მუშაობა არსებული ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზე;

     

    • ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები სრულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს და ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან მიზნებსა და შედეგებზე, აგრეთვე მთლიანი ფინანსური სისტემის მდგრად ფუნქციონირებაზე, რაც გულისხმობს არა საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენლის ფინანსური სირთულეების თავიდან გარდაუვალ არიდებას, არამედ რისკებისა და საფრთხეების დროულად გამოვლენას და სათანადო ზომების მიღებით მთლიანი საფინანსო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე გამოწვეული უარყოფითი ეფექტების მაქსიმალურ შემცირებას.

     

    განსაზღვრულ მიმართულებებსა და მათ ეფექტურ აღსრულებაზე შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს მასთან დაკავშირებულმა რისკებმა, მათ შორის, ფორსმაჟორული სიტუაციებით ან საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოულოდნელი სხვა გარე ფაქტორებით გამოწვეულმა მატერიალურმა ცვლილებებმა.

     

    დამატებითი დეტალები იხილეთ ეროვნული ბანკის საბჭოს განკარგულებაში.