საერთაშორისო თანამშრომლობა

    საბანკო სექტორის განვითარებისა და საზედამხედველო სტანდარტების დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ინსტიტუტებთან და საზედამხედველო მიმართულების საერთაშორისო ჯგუფებთან. საქართველოს ეროვნული ბანკი არის წევრი ისეთი საბანკო საზედამხედველო ჯგუფებისა, როგორებიცაა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფი (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) და ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფი (Basel Consultative Group – BCG). საერთაშორისო თანამშრომლობა, საზედამხედველო ჯგუფების წევრობა და სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოებთან დადებული მემორანდუმები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინფორმაციის გაცვლას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან დაახლოებას.

     


    ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფი


    ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფი (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) 1991 წელს დაარსდა, განუსაზღვრელი ვადით. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 24 ქვეყნის 25 წევრ ინსტიტუციას აერთიანებს და მისი მიზანი ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. BSCEE არის მაღალი დონის ფორუმი, მკაფიოდ დასახული მიზნებით, რომელიც ემსახურება კვლევის, ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების, და ზოგადად, მისი წევრების ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების წახალისებასა და დახმარებას. ჯგუფის შიგნით გამოცდილებისა და know-how-ების გაზიარება წევრ ორგანოებს ხელს შეუწყობს საზედამხედველო ფუნქციების უკეთ შესრულებასა და ევროპული საბანკო ზედამხედველობის სისტემაში ინტეგრაციაში.

    BSCEE ჯგუფის სტრუქტურა შედგება წევრთა კონფერენციისგან, თავმჯდომარესა და სამდივნოსგან, სადაც ყველა წევრ ქვეყანას აქვს თითო ხმის მიცემის უფლება. თავმჯდომარე არის BSCEE ჯგუფის მთავარი წარმომადგენელი, ხოლო სამდივნო, სხვა ფუნქციებთან ერთად, უზრუნველყოფს BSCEE-ს ტექნიკურ-ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. ჯგუფის წესების თანახმად, მისი წევრებისაგან ყოველწლიურად აირჩევა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა.


    საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. პირველად, საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად 2018 წელს, ხოლო მეორედ, საქართველო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნად 2021 წლის 27-28 მაისის BSCEE ყოველწლიურ კონფერენციაზე აირჩიეს.


    მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს, წარმომადგენლობითი და ორგანიზაციული ფუნქციების გარდა, საქართველო 2022 წლის BSCEE ჯგუფის კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

     


    ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფი 


    ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფი (Basel Consultative Group - BCG) ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის (Basel Committee on Banking Supervision - BCBS) ერთ-ერთი ჯგუფია, რომელიც ფორუმების მეშვეობით კომიტეტს სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ეხმარება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და საბანკო ზედამხედველების რეგიონული ჯგუფების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კომიტეტის ფართო საზედამხედველო დიალოგს ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის (BCBS) ჯგუფის არაწევრ ქვეყნებთან კომიტეტის ახალი ინიციატივების შესახებ პროცესების ადრეულ ეტაპზევე. ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფი (BCG) 28 ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საზედამხედველო ორგანოებთან ერთად, საზედამხედველო ჯგუფებს, საერთაშორისო სააგენტოებსა და სხვა ორგანოებს აერთიანებს.