1991 წელი
ეროვნული ვალუტის შექმნისათვის მზადება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წლის 2 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", რომლითაც ქვეყანაში ფულის ნიშნების დამზადებისა და მიმოქცევაში გაშვების ორგანიზების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად დაიწყო ეროვნული ვალუტის შექმნისათვის მუშაობა, რაც ძირითადად წარიმართებოდა ფულის ნიშნების საჭირო ოდენობისა და ნომინალების განსაზღვრის, მისი შინაარსისა და დიზაინის შემუშავების კუთხით. ამ უკანასკნელ პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი მხატვარ-დიზაინერები - ელგუჯა ამაშუკელი, გია ბუღაძე, მამუკა გონგაძე, ნოდარ და ბაჩა მალაზონიები.
1992 წელი
ეროვნული ვალუტის სახელწოდება "ლარი"
ეროვნული ვალუტის სახელთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა განხილვები, მოიაზრებოდა სხვადასხვა სახელი: "მანეთი", "ქართული მანეთი", "მარჩილი", "ქართი", "რვალი" და "ლარი", ხურდა ფულის სახელწოდებად კი განიხილებოდა სახელწოდებები: "ეგრი", "კოლხა", "თეთრა", "კერმა" და "თეთრი".
ქართული ფულის გამოშვების სამთავრობო კომისიის 1992 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქართულ ეროვნულ ვალუტას დაერქვა - "ლარი", მოგვიანებით კი, დადგინდა ხურდა ფულის სახელწოდებაც - "თეთრი". სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს სიმდიდრეს, განძს. ხოლო "თეთრი" შუა საუკუნეებში გამოყენებული ქართული სამონეტო ტერმინია.
1993 წელი
ქართული ფულის ნიშნების დიზაინის შექმნა
1993 წელს შეიქმნა ლარის ბანკნოტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალებისთვის და ასევე, მონეტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ნომინალებისთვის.
ბანკნოტებზე გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების პორტრეტები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ხელოვნების ნიმუშები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. ბანკნოტების დიზაინი მოამზადა ნოდარ მალაზონიამ.
მონეტებზე გამოსახულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ბორჯღალი (უძველესი მზის სიმბოლო), სხვადასხვა წარწერები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. მონეტების დიზაინის ესკიზები მოამზადეს ელგუჯა ამაშუკელმა (ნომინალის მხარე), ნოდარ და ბაჩა მალაზონიებმა (ბორჯღალის მხარე).
1995 წელი
ლარის მიმოქცევაში შემოღება
1995 წელს მიმოქცევაში შემოღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ვალუტა "ლარი" - 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გავიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნ.ჯავახიშვილისა და ფინანსთა მინისტრის დ.იაკობაშვილის ხელმოწერებით) და 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის მონეტები. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
1999 წელი
ლარის ბანკნოტების პირველი მოდიფიცირება
1999 წლის 10 დეკემბრიდან მიმოქცევაში გავიდა მცირედ მოდიფიცირებული 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, რომლებზეც, 1995 წლის გამოშვების ბანკნოტებისაგან განსხვავებით, დატანილ იქნა სიტყვა "საქართველო" წარწერის "საქართველოს რესპუბლიკა" ნაცვლად (კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით), საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ი.მანაგაძისა და ფინანსთა მინისტრის დ.ონოფრიშვილის ხელმოწერები, ასევე ცვლილება განიცადა ულტრაიისფერმა დამცავმა ნიშანმა.
2000 წელი
ქრისტეშობის 2000 წელი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი
2000 წლის 28 ივლისიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გამოუშვა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ბიმეტალური მონეტები ლიმიტირებული ოდენობით. აღნიშნული მონეტები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საგადამხდელო საშუალებას ნომინალური ღირებულებით.
აღნიშნულის პარალელურად, საკოლქციო დანიშნულებით იდენტური დიზაინით გამოშვებულ იქნა, ასევე, 10 ლარის ნომინალის ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტები.
2002 წელი
1, 2, 5, 10 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მეორე მოდიფიცირება
2002 წელს განხორციელდა 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მოდიფიცირება რეკვიზიტების მცირედი კორექტირებისა და დამცავი მექანიზმების სრულყოფის კუთხით. მათ შორის მოხდა 1999 წლის გამოშვების ბანკნოტებზე არსებული დამცავი ნიშნების დახვეწა, რამოდენიმე ახალი ნიშნის დამატება დიზაინის გარკვეული ელემენტების მცირედი მოდიფიცირების ხარჯზე და დატანილ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ი.მანაგაძისა და ფინანსთა მინისტრის ზ.ნოღაიდელის ხელმოწერები. მათი მიმოქცევაში გაშვება განხორციელდა 2002 წლის 5 აგვისტოდან.
2004 წელი
50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მეორე მოდიფიცირება
2004 წელს განხორციელდა 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მოდიფიცირება რეკვიზიტების მცირედი კორექტირებისა და დამცავი მექანიზმების სრულყოფის კუთხით. მათ შორის მოხდა 1999 წლის გამოშვების ბანკნოტებზე არსებული დამცავი ნიშნების დახვეწა, რამოდენიმე ახალი ნიშნის დამატება დიზაინის გარკვეული ელემენტების მცირედი მოდიფიცირების ხარჯზე და დატანილ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ი.მანაგაძისა და ფინანსთა მინისტრის ზ.ნოღაიდელის ხელმოწერები. მათი მიმოქცევაში გაშვება განხორციელდა 2004 წლის 9 ნოემბრიდან.
2006 წელი
ახალი 50 თეთრის ნომინალის მონეტის გამოშვება
2006 წლის 20 ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა ახალი დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მქონე 50 თეთრის ნომინალის მონეტები, გამოშვების წლით „2006“.
2006 წელი
1 და 2 ლარის ნომინალის მონეტების შემოღება
2006 წლის 20 ნოემბრიდან მიმოქცევაში შემოღებულ იქნა 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტები, გამოშების წლით „2006“.
2007 წელი
200 ლარის ნომინალის ბანკნოტის შემოღება
2007 წლის 16 აპრილიდან მიმოქცევაში შემოღებულ იქნა 200 ლარის ნომინალის ბანკნოტი, გამოშვების წლით „2006“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რ.გოცირიძისა და ფინანსთა მინისტრის ა.ალექსიშვილის ხელმოწერებით.
2007 წელი
1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების რეპრინტი
2007 წლის 25 ივნისიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოშვების წლით „2007“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რ.გოცირიძისა და ფინანსთა მინისტრის ა.ალექსიშვილის ხელმოწერებით.
2008 წელი
5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების რეპრინტი
2008 წლის 21 ივლისიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოშვების წლით „2008“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა დ.ამაღლობელისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნ.გილაურის ხელმოწერებით, ხოლო ხელმოწერების ზემოთ მითითებული წარწერების „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ და „ფინანსთა მინისტრი“ ნაცვლად დატანილი წარწერებით – შესაბამისად „ეროვნული ბანკი“ და „ფინანსთა სამინისტრო“.
2008 წელი
10 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების რეპრინტი
2008 წლის 28 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 10 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოშვების წლით „2008“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა დ.ამაღლობელისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნ.გილაურის ხელმოწერებით, ხოლო ხელმოწერების ზემოთ მითითებული წარწერების „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ და „ფინანსთა მინისტრი“ ნაცვლად დატანილი წარწერებით – შესაბამისად „ეროვნული ბანკი“ და „ფინანსთა სამინისტრო“.
2009 წელი
100 ლარის ნომინალის ბანკნოტის რეპრინტი
2009 წლის 5 თებერვლიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2008“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა დ.ამაღლობელისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნ.გილაურის ხელმოწერებით, ხოლო ხელმოწერების ზემოთ მითითებული წარწერების „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ და „ფინანსთა მინისტრი“ ნაცვლად დატანილი წარწერებით – შესაბამისად „ეროვნული ბანკი“ და „ფინანსთა სამინისტრო“.
2011 წელი
20 ლარის ნომინალის ბანკნოტის რეპრინტი
2011 წლის 6 ივნისიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 20 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2011“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის კ.ბაინდურაშვილის ხელმოწერებით.
2011 წელი
5 ლარის ნომინალის ბანკნოტის რეპრინტი
2011 წლის 6 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 5 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2011“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის დ.გვინდაძის ხელმოწერებით.
2012 წელი
50 ლარის ნომინალის ბანკნოტის რეპრინტი
2012 წლის 15 თებერვლიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 50 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2011“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის დ.გვინდაძის ხელმოწერებით.
2012 წელი
10 ლარის ნომინალის ბანკნოტის რეპრინტი
2012 წლის 20 აგვისტოდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 10 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2012“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის დ.გვინდაძის ხელმოწერებით.
2012 წელი
100 ლარის ნომინალის ბანკნოტის რეპრინტი
2012 წლის 17 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2012“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის დ.გვინდაძის ხელმოწერებით.
2013 წელი
20 ლარის ნომინალის ბანკნოტის რეპრინტი
2013 წლის 23 სექტემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 20 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2013“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის ა.ხეთაგურის ხელმოწერებით.
2013 წელი
5 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების რეპრინტი
2013 წლის 27 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 5 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოშვების წლით „2013“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის ა.ხეთაგურის ხელმოწერებით.
2014 წელი
100 ლარის ნომინალის ბანკნოტის რეპრინტი
2014 წლის 20 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი გამოშვების წლით „2014“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გ.ქადაგიძისა და ფინანსთა მინისტრის ნ.ხადურის ხელმოწერებით.