სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა

24 აპრილი, 2024

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა.

"მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ Mastercard-ის პროექტში, რადგან ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობისა და ფინანსური კეთილდღეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები იღებდნენ სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რისთვისაც მათ სათანადო ფინანსური ცოდნა უნდა ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ფინანსური განათლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ვატარებთ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს, ვქმნით სახელმძღვანელოებს, ვიდეორგოლებს, ინტერაქციულ საგანმანათლებლო მასალებს, ვატარებთ ტრენინგებს მოსწავლეების, მასწავლებლების, ახალგაზრდების, ქალების გაძლიერებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საგანმანათლებლო რესურსები ფინანსურად მოწყვლადი ჯგუფებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვისაც არის ხელმისაწვდომი. Mastercard-ის ეს პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა.

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო მოდულებს, რესურსებს და ერთად ვქმნით ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ ფინანსური განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი", - განაცხადა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ზღუდაძემ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ესწრებოდა. ელჩის განცხადებით, ძალიან საამაყოა ამერიკის საელჩოს ინტენსიური თანამშრომლობა განათლების მიმართულებით, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურად არის ჩართული.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები სტუდენტებს შეხვდნენ და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სხვა სიახლეები