საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა იწყება

საქართველოს ეროვნული ბანკი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმას იწყებენ. პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვას. რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შეიმუშავეს 2016 წელს. პროექტის დასრულებისთანავე საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. იმავდროულად, საფონდო ბირჟა შეისყიდის ახალ სავაჭრო პლატფორმას კომპანია მონტრანისგან, რომელმაც ადრე უზრუნველყო საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა. უნდა აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟის ახალი სავაჭრო პლატფორმა უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს და ინტეგრირებული იქნება ანგარიშსწორების ერთიან სისტემასთან. ეროვნულ ბანკში მხარეთა შორის ხელშეკრულებები გაფორმდა და პროექტის საორგანიზაციო საბჭოს პირველი შეკრებაც გაიმართა, რომელშიც ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარისა და კომპანია მონტრანის წარმომადგენლები შედიან.