პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე. ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა, საგადასახდელო ბალანსის დადებითი ტენდენციები, გამოწვევები საბანკო სექტორში და ლარიზაციის ღონისძიებები - ეს ის თემებია, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება.