კობა გვენეტაძის გამოსვლა პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წლიური ანგარიში განიხილა და მის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას მხარი დაუჭირა. 

"2021 წელი, უდავოდ, საკმაოდ რთული წელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიმუშავეთ რეფორმებზეც, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და ყველა მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევაა არამხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთლიანად საფინანსო სექტორისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სებ-ის კვალიფიციურ გუნდს. დამერწმუნეთ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ საზოგადოებას ბოლო პერიოდის შოკების შედეგად მიღებული მაღალი ინფლაციის ტვირთი შევუმსუბუქოთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.