ეროვნული ბანკი ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტთან შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო აუდიტი და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001: 2013 შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა. სერტიფიცირება განხორციელდა საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის და საქართველოს საგადახდო და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების მომსახურებების მიმართულებით. აღნიშნულით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ამ მიმართულებებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან. სერტიფიცირება ცალსახა აღიარებაა, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტის შესაბამისად.