ჭიანჭველა „გროვია“ არის მსოფლიო დაზოგვის დღის სიმბოლო საქართველოში. ეს დღე საქართველოს საბანკო სექტორმა პირველად 2012 წელს აღნიშნა და ყოველწლიურ ტრადიციად აქცია. დანაზოგები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და მოსახლეობისთვის. დაზოგვის კულტურა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ფინანსურ განათლებასთან; ფინასნური განათლების ამაღლების საკითხი განიხილება როგორც ფინანსური მომსახურების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხით. „გროვიაც“ ფინანსური განათლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც მოსახლეობას დანაზოგებზე, საბანკო პროდუქტებზე და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწვდის ინფორმაციას.
„გროვია“ გახლავთ პროექტის - „დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობები“-ს ნაწილი, რომელსაც გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს ბანკების ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.