განახლებული 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში გავიდა
1 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად. 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას. 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი. ინფორმაციისთვის, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან. რაც შეეხება 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს განახლდება მოგვიანებით.