Visa International აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქმიანობას უარყოფს

Visa International აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქმიანობას უარყოფს

12 სექტემბერი, 2005
საგადამხდელო სისტემა Visa-ს დსთ-ის ქვეყნების რეგიონული მენეჯერის სვეტლანა გიორბელიძის ინფორმაციით, Visa-ს პლასტიკურ ბარათებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ემსახურებიან. მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკმა სცადა Visa-ს რეგიონულ ოფისთან კონტაქტის დამყარება, მაგრამ უარი მიიღო, რადგან ეს ორგანიზაცია მკაცრად იცავს ტრანსსასაზღვრო პრინციპს და  საგამხდელო სისტემაში არაკომერციულ ბანკებს არ აწევრიანებს.   სვეტლანა გიორბელიძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთისა და აფხაზეთის ბანკების ოფიციალურ ინტერნეტ-წარმომადგენლობებით გამოქვეყნდა ცნობები აფხაზეთში Visa-ს ბარათების გამოყენების თაობაზე.   სვეტლანა გიორბელიძემ აღნიშნა, რომ ადრე ასეთივე მცდელობა ჰქონდა კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონს – დნესტრისპირეთს, მაგრამ  ამ შემთხვევაშიც უარი იყო ნათქვამი. მიუხედავად ამისა, Visa-ს დსთ-ის რეგიონული წარმომადგენლობის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში ტექნიკური ჩართვის მეშვეობით არალეგალურად მაინც ხორციელდება პლასტიკური ბარათების მომსახურება, მაგრამ ეს Visa-ს ბარათებს არ ეხება. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, Visa-ს წესების დამრღვევი სოლიდური თანხით დაჯარიმდება.   სვეტლანა გიორბელიძის ინფორმაციით, საქართველოში Visa-ბარათების რაოდენობა 2005 წლის მარტიდან სექტემბრამდე 96 ათასიდან, დაახლოებით, 132 ათასამდე გაიზარდა.   საქართველოში Visa-ს ბარათებზე თანხების ბრუნვა უკანასკნელი ორ-ნახევარი წლის განმავლობაში 13-ჯერ მატულობს და 2005 წლის ივნისში 125 მლნ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლებით საქართველო ჯერჯერობით ჩამორჩება აზერბაიჯანს, სადაც ემიტირებულია 570 ათასი Visa-ბარათი და მოლდოვას, სადაც 140 ათასი ბარათის მომსახურება ხდება, მაგრამ უსწრებს სომხეთს, სადაც დღეისათვის მხოლოდ 46 ათასი ბარათის მომხმარებელია.     საქართველოში  Visa-ს  პლატიკურ ბარათებს ემსახურება 300 პუნქტი და 109 ბანკომატი. Visa-ს საგადამხდელო სისტემაში გაერთიანებულია საქართველოს 10 კომერციული ბანკი. მათ შორის, დაახლოებით, 35 ათასი ბარათი ემიტირებული აქვს „ქართუს“, 33 ათასი – „თიბისის“, 28 ათასი – „საქართველოს ბანკს“, 15 ათასი – ბანკ „რესპუბლიკას“, 11 ათასი – „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, 6 ათასი – „ბაზის ბანკს“, 4 ათასი „სახალხო ბანკს“. კიდევ სამი ბანკი – „სტანდარტ ბანკი“, „პირველი კომერციული ბანკი“ და „პროკრედიტბანკი“ ამჟამად სერტიფიკაციას გადის.
სხვა სიახლეები