SWIFT-ის BICplusIBAN–ის ცნობარში ქართული ბანკებიც შევლენ
2 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) BICplusIBAN–ის ცნობარში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიც შევლენ.
SWIFT-ის BICPlusIBAN ელექტრონული ცნობარია, რომელიც შეიცავს მსოფლიო მასშტაბით ფინანსური ინსტიტუტების შესახებ მონაცემებს. ცნობარის განახლება ხორციელდება ყოველთვიურად. BICplusIBAN–ის სისტემის გამოყენებით გაადვილდება უცხოეთიდან საქართველოში IBAN ფორმატში წარმოდგენილ ანგარიშებზე თანხის გადმორიცხვა. კერძოდ, გადამხდელის ბანკს ეძლევა შესაძლებლობა მხოლოდ IBAN ანგარიშით მოახდინოს მიმღები ბანკის სრული იდენტიფიცირება ანუ საქართველოში თანხის გადმომრიცხავმა პირმა BICplusIBAN სერვისით მოსარგებლე ბანკში საკმარისია წარადგინოს მხოლოდ თანხის მიმღების IBAN ანგარიში და კლიენტის დასახელება, აღარ იქნება საჭირო მიმღების ბანკის კოდის, ბანკის დასახელების და სხვა რეკვიზიტების წარდგენა. ამით კიდევ უფრო დაჩქარდება თანხის გადმორიცხვა და შემცირდება ამ პროცესთან დაკავშირებული შეცდომებიც და ხარჯებიც.
საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშების ნომრების (IBAN) ფორმატის გამოყენება 2010 წლის 3 მაისიდან დაიწყო. IBAN ანგარიშების ნომრები საქართველოს გარდა კიდევ 50 სახელმწიფოში გამოიყენება.