სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ბაზრის კონიუნქტურას არ ასახავს

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ბაზრის კონიუნქტურას არ ასახავს

08 ივნისი, 2005
2005 წლის 8 ივნისს ფინანსთა სამინისტროს 364-დღიანი სახაზინო ვალდებულებების N19 აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. წარმოდგენილი იყო 13 განაცხადი 40 300 ცალი სახაზინო ვალდებულების ყიდვის თაობაზე, საერთო თანხით 4 030 000 ლარი. დაკმაყოფილდა 9 კონკურენტული (მათ შორის, 1 – ნაწილობრივ) და 3 არაკონკურენტული განაცხადი, რომელთა საანგარიშსწორებო ფასის საერთო თანხამ 1 687 969.18 ლარი, დაფიქსირებულმა მინიმალურმა საპროცენტო განაკვეთმა კი 9.80%, მაქსიმალურმა 19.80% და საშუალო შეწონილმა 18.54% შეადგინა წლიურად. დღევანდელი აუქციონის საშუალო შეწონილი განაკვეთი 9.05%-ით აღემატება გასულ კვირაში დაფიქსირებულ შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განმარტებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის მატება ბაზრის კონიუნქტურის ცვლილებიდან არ გამომდინარეობს. მისივე თქმით, გასული ერთი კვირის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკაში არავითარი განსაკუთრებული მოვლენა არ მომხდარა. დავით ამაღლობელის განცხადებით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ 8 ივნისს გამართულ სახაზინო ვალდებულებების აუქციონში მონაწილე ორ კომერციულ ბანკს შორის არაწესიერ გარიგებას ჰქონდა ადგილი – აღნიშნული ბანკები წინასწარ შეთანხმდნენ აუქციონზე დასაფიქსირებელი საშუალო შეწონილი განაკვეთის ზღვარის შესახებ. ამის დადასტურების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მკაცრ ზომებს მიიღებს. ეროვნული ბანკი მუდმივად აკვირდება კომერციული ბანკების ქცევას სახაზინო ვალდებულებების ბაზარზე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აუქციონებში, ძირითადად, 10 კომერციული ბანკი მონაწილეობს, მათგან 3-5 – სისტემატურად. დავით ამაღლობელის განცხადებით, დებულებაში სახაზინო ვალდებულებების აუქციონების ჩატარების შესახებ შევა ცვლილება, რომლის მიხედვით სახაზინო ვალდებულების უკანასკნელ და მომდევნო აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი განაკვეთების სხვაობა 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში, სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილე კომერციული ბანკების აქტიურობისა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებელი ბუნებრივ ზღვარს დაუბრუნდება.
სხვა სიახლეები