HSBC–მა საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ სააქციო საზოგადოება „HSBC ბანკი საქართველოს“ გენერალურ დირექტორს სტივენ ბენეტს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გადასცა.
HSBC–ის განაცხადი საქართველოში საბანკო საქმიანობის დაწყებისათვის აუცილებელი ლიცენზიის მიღების შესახებ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კანონით დადგენილ ვადაში დააკმაყოფილა. ბანკის საზედამხედველო კაპიტალი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით უკვე ჩაირიცხა შესაბამის ანგარიშზე. ამჟამად მიმდინარეობს „HSBC ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისის მოწყობა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ბანკი კლიენტების მომსახურებას ნოემბერში დაიწყებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიესალმა HSBC–ის გამოჩენას საქართველოში. მისი განცხადებით, „მსოფლიოში უდიდესი საფინანსო ჰოლდინგის შემოსვლა ინვესტორთა მხრიდან საქართველოსადმი მზარდ ინტერესზე მიუთითებს. უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება საბანკო სექტორში, რაც ამ სფეროში კონკურენციის გაძლიერებისა და მომსახურების გაუმჯობესების წინაპირობაა.“
თავის მხრივ, „HSBC ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა სტივენ ბენეტმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში HSBC–ის საბანკო განაცხადი „მაღალპროფესიულად, სწრაფად და სკრუპულოზურად განიხილეს, რაც საქართველოში HSBC–ის საქმიანობის დაწყებას დამაჯერებლობას შემატებს“.
„ჩვენ ვაკვირდებოდით საქართველოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით იმ წარმატებებს, რომელიც თან ახლდა სტრუქტურულ რეფორმებსა და ზოგადად ბიზნეს–კლიმატის გუმჯობესებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ უზარმაზარ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ჩვენ ვგეგმავთ, გავხსნათ უმაღლესი კლასის საერთაშორისო ბანკი თბილისში ,საქართველოს განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. HSBC–ი მზადაა სრული მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ფინანსური მომსახურების სექტორის მომავალ განვითარებაში,“ – განაცხადა „HSBC ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა სტივენ ბენეტმა.