FATF-ი რუსეთის კომერციული ბანკების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს

FATF-ი რუსეთის კომერციული ბანკების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს

06 თებერვალი, 2006
FATF-ი (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) 2007 წლის აპრილში რუსული კომერციული ბანკების მასშტაბურ შემოწმებას აპირებს. რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის ვიქტორ მელნიკოვის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაცია შემოწმებებს ყოველთვის სკრუპულოზურად ატარებს. კერძოდ, შემოწმდება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მექანიზმების ეფექტიანობა და ბანკების თანამშრომელთა კვალიფიკაცია. გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთისაგან, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებისა და საბანკო-საფინანსო სფეროში ნორმატიული აქტების მიღებას ითხოვს.    ამ დღეებში FATF-ში საქართველოს ეროვნული ბანკიდან წერილი გაიგზავნება. წერილში საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულ ორგანიზაციას თხოვნით მიმართავს, ყურადღება გაამახვილოს აფხაზეთში არსებულ უკანონო საფინანსო სტრუქტურებთან რუსული კომერციული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის ფაქტებზე და შემოწმების გეგმაში აღნიშნული საკითხი გაითვალისწინოს. რუსული ბანკების არაკანონიერი თანამშრომლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებად საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ფორმით, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.   საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე აპირებს, მიმართოს ევროპის საბჭოსა და MONEYVAL-ს (ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტი) რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე.   უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლის საქმეში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთაშორისო ორგანიზაცია FATF-ი, რომელიც 1989 წლის ივლისში ჩამოყალიბდა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების პარიზის ეკონომიკურ სამიტზე (ორგანიზაცია აერთიანებს ოცდაექვს წევრ სახელმწიფოს და ორ საერთაშორისო ორგანიზაციას) და მის ძირითად მიზნად, ზემოხსენებული კონვენციის მსგავსად, ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციასთან დაკავშირებული უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლა განისაზღვრება. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიმუშავა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ორმოცი რეკომენდაცია. სხვა რეკომენდაციების მსგავსად, მათი მიზანია, FATF-ის წევრმა ქვეყნებმა დანერგონ და მოარგონ უკვე შემუშავებულ რეკომენდაციებს ეროვნული კანონმდებლობები. ეს განსაკუთრებით ეხება საბანკო, სისხლის სამართლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.
სხვა სიახლეები