EBRD-ის პრეზიდენტი ადასტურებს საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურობას და ეროვნულ ბანკთან სტრატეგიულ პროექტებზე თანამშრომლობას განაგრძობს

EBRD-ის პრეზიდენტი ადასტურებს საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურობას და ეროვნულ ბანკთან სტრატეგიულ პროექტებზე თანამშრომლობას განაგრძობს

17 ივლისი, 2013

17 ივლისს, საქართველოს ეროვნულ ბანკს  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან  შეხვედრისას სტუმარი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს გაეცნო. EBRD-ის პრეზიდენტმა შეაფასა ეროვნული ბანკის როლი საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილური განვითარების პროცესში.

შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი ქადაგიძემ და სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ერთობლივი  ბრიფინგი გამართეს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობა EBRD-თან არ არის ახალი. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. გარდა ამისა, დღეს აქტუალური თემა და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ლარიზაცია. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, დაახლოებით ორ-სამ თვეში EBRD გამოუშვებს პირველ ლარით დენომინირებულ კორპორატიულ ობლიგაციას ადგილობრივ ბაზარზე. ეს იქნება საქართველოში პირველი ფასიანი ქაღალდი გამოშვებული ეროვნული ვალუტით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდგომ იგივე  ტენდენცია გაგრძელდება არა მარტო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ ქართული ბანკებისა და მძლავრი კომპანიების მხრიდან, რაც საბოლო ჯამში ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების განვითარებას. ასევე ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და კიდევ ერთ, წარმატებულ, ახალ ფურცელს გადავშლით საფინანსო სექტორში”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

„ძალიან სასიამოვნოა ჩემი აქ ყოფნა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა. ჩვენ წლების მანძილზე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საბანკო სექტორი განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზეა და რაც მთავარია, სტაბილურია. EBRD საერთაშორისო ორგანიზაციაა და ბევრ ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს. საქართველოს საბანკო სისტემა აშკარად გამორჩეულია ყველა სხვა ქვეყნისგან სადაც ჩვენ ვმუშაობთ. საბანკო სექტორი მდგრადი და სტაბილურია, ამიტომ გასაკვირი არაა ის ნდობა რომელიც მომხმარებელს მის მიმართ გააჩნია. სწორედ ამ ნდობას ეფუძნება ასევე ეროვნულ ბანკთან ჩვენი უახლოესი მომავლის გეგმა: შევთანხმდით, რომ უახლოესი პერიოდის გეგმაა EBRD-ის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციის ლარის ბონდის გამოშვება“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივნიშვილთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან.

დღემდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში 1.8 მილიარდი ევროს ინვესტირება 158 პროექტში განახორციელა, მათ შორის საბანკო და ფინანსურ სექტორებში, ენერგეტიკაში, აგრობიზნესსა და მრეწველობაში. ასევე მოახდინა 3 მილიარდი ევროს მობილიზება სხვა ფინანსური წყაროებიდან ხსენებული სექტორების დაფინანსებისათვის.

 

სხვა სიახლეები