2013 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის პროგნოზების დეტალურ კომუნიკაციას იწყებს

2013 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის პროგნოზების დეტალურ კომუნიკაციას იწყებს

25 დეკემბერი, 2012
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკაზე გავლენას გარკვეული დროის შემდეგ ახდენს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები პროგნოზებსა და მომავლის ანალიზზე დაყრდნობით მიიღება. სწორედ ამიტომ, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკისთვის გადამწყვეტია პროგნოზირების თანამედროვე მეთოდების არსებობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზირების მეთოდების დასახვეწად. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის ჩამოყალიბების, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით: შემუშავდა საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით „ახალი კეინზიანური ზოგადი წონასწორობის მაკროეკონომიკური მოდელი“ (NKDSGE), რაც მსოფლიოს ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ გამოყენებული, მაკროეკონომიკური პროგნოზირების ძირითადი საშუალებაა. ამ სისტემაზე დაყრდნობით საქართველოს ეროვნული ბანკი ამზადებს მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომელიც გამოქვეყნდება კვარტალურ ინფლაციის მიმოხილვაში. 2013 წლიდან ასევე შეიცვლება ინფლაციის მიმოხილვის ფორმატი, რომელიც ფოკუსირებული იქნება მომავალ პროგნოზებსა და მათ ანალიზზე. უფრო ოპერატიული გახდება გამოქვეყნების ვადებიც, ნაცვლად კვარტალის დასრულებიდან სამი თვისა, ინფლაციის მიმოხილვა გამოქვეყნდება მიმდინარე კვარტალის მეორე თვეს. ინფლაციის მიმოხილვა, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისთვის ძირითადი ინსტრუმენტი გახდება.

ოპტიმიზდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) შეხვედრების გრაფიკი (ახალი განრიგი) და ყოველკვარტალურად მპკ-ს სხდომის შემდეგ მოეწყობა შეხვედრა ანალიტიკოსებთან და მასმედიის წარმომადგენლებთან მიღებული გადაწყვეტილებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად. 

ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის საჯარო დოკუმენტის შემუშავებაზე  და ვებგვერდის მონეტარული პოლიტიკის ნაწილის განახლებაზე. აღნიშნულის შესახებ, უახლოეს მომავალში დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.

სხვა სიახლეები