2007 წლის იანვარ-აპრილში უცხოეთიდან გადმორიცხული სწრაფი ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58 პროცენტით გაიზარდა
18 მაისი, 2007
2007 წლის იანვარ-აპრილში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით 219 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მონაცემი 2006 წლის იანვარ-აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელს 80.7 მლნ აშშ დოლარით (58 პროცენტით) აღემატება.
2007 წლის აპრილში საბანკო არხებით უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობამ 55.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (36.8 მლნ აშშ დოლარი) 50 პროცენტით მეტია.
ფულადი გზავნილების გეოგრაფიულ სტრუქტურას, 2007 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 139 მლნ აშშ დოლარი (გადმორიცხული მთლიანი თანხის მოცულობის 63 პროცენტი) რუსეთის ფედერაციიდან, 24.6 მლნ აშშ დოლარი (11 პროცენტი) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 10 მლნ აშშ დოლარი ავსტრიიდან (4.6 პროცენტი), 6.3 მლნ აშშ დოლარი (2.9 პროცენტი) ესპანეთიდან, 6 მლნ აშშ დოლარი (2.8 პროცენტი) საბერძნეთიდან, 6 მლნ აშშ დოლარი (2.8 პროცენტი) უკრაინიდან და 4.9 მლნ აშშ დოლარი (2.2 პროცენტი) თურქეთიდან გადმოირიცხა.
2006 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში 49.5 მლნ აშშ დოლარით (55.5 პროცენტით) გაიზარდა რუსეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების ოდენობა.
2007 წლის იანვარ-აპრილში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულია 23.5 მლნ აშშ დოლარი, რაც 15.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხების დიდი წილი – 10.9 მლნ აშშ დოლარი (გადარიცხული მთლიანი თანხის მოცულობის 46 პროცენტი) რუსეთზე მოდის, მეორე პოზიციაზეა უკრაინა, სადაც 2.9 მლნ აშშ დოლარი (12.4 პროცენტი) გადაიგზავნა, შემდეგ ადგილებზეა: თურქეთი – 1.2 მლნ აშშ დოლარით (5 პროცენტი), აზერბაიჯანი – 1.1 მლნ აშშ დოლარისა (4.8 პროცენტი) და გერმანია 0.7 მლნ აშშ დოლარის (3 პროცენტი) გზავნილებით.