2005 წლის ექვსი თვის მანძილზე ეროვნული ვალუტის ყველაზე სტაბილური გაცვლითი კურსი დაფიქსირდა
12 ივლისი, 2005
2005 წლის ივნისში, ისევე როგორც მთლიანად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სავალუტო ბაზარი განსაკუთრებული სტაბილურობით ხასიათდებოდა. აშშ დოლარის მოთხოვნა-მიწოდება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე და მის გარეთ რაიმე სერიოზული დისბალანსით არ გამოირჩეოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის ფიქსირებული რეჟიმიდან თავისუფლად მცურავ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ყველაზე დაბალი რყევადობის (გამოისახება გაცვლითი კურსის სტანდარტული გადახრის კოეფიციენტით) 0.9%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, აღნიშნული პარამეტრი ყოველწლიურად 2.1%-სა და 15.1%-ს შორის მერყეობდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსის უმნიშვნელო დიაპაზონში რყევა მომავალშიც შენარჩუნდება.
2005 წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,8100-1,8400 ლარის ფარგლებში მიმოიქცეოდა. მისი თქმით, თებერვლის შუა რიცხვებიდან ლარი მცირედით მყარდებოდა. კერძოდ, თუ თებერვალში საშუალო კურსი, დაახლოებით, 1.8300 ლარს უტოლდებოდა, ივნისში ანალოგიურმა მაჩვენებელმა 1.8177 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის ივნისში, მაისთან შედარებით, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უმნიშვნელოდ შემცირდა ვაჭრობის მოცულობა – 16.8 მლნ აშშ დოლარიდან 15.9 მლნ დოლარამდე. სამაგიეროდ, თუ მაისში თბსბ-ზე დოლარის მოთხოვნა და მიწოდება მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყო, ივნისში მცირეოდენი დისბალანსი გამოიკვეთა. ამ თვეში მიწოდების მაჩვენებელი 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა (მაისში – 18.8 მლნ), ხოლო მოთხოვნის მხოლოდ 11.8 მლნ აშშ დოლარს (მაისში – 19.3 მლნ აშშ დოლარი). ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევების თავიდან აცილება უმნიშვნელო ინტერვენციებით გახდა შესაძლებელი.
2005 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბრუნვა 23 მლნ-ით შემცირდა და 82.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17.5 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო 17.2 მლნ გაყიდა. გასული წლის იანვარ-ივნისში ბირჟაზე დაფიქსირებული ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული დიდი მოცულობის ინტერვენციებით იყო განპირობებული.
რაც შეეხება ევროს ბრუნვის ზრდის დინამიკას, თუ 2004 წლის იანვარ-ივნისში ამ მაჩვენებელმა 730 ათასი შეადგინა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 1.9 მლნ ევროს გაუტოლდა, აქედან 1.1 მილიონის მოცულობის გარიგება ივნისში დაიდო. 2005 წლის 30 ივნისისათვის, 1-ლ იანვართან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში, დაახლოებით, 12.4%-ით გამყარდა და 2.1818 ლარი შეადგინა. მხოლოდ ივნისში, მაისთან შედარებით, ევრო ლარის მიმართ 3.7%-ით გაუფასურდა.
2005 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის გარეთ აშშ დოლარით ვაჭრობა, მნიშვნელოვნად, 54.8%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მოიმატა ფულადი სახსრების მოძრაობის ზრდამ ბანკებს შორის. საანალიზო პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს ბანკებს შორის აშშ დოლარის შესყიდვის მაჩვენებელი, დაახლოებით, 5,5-ჯერ გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში გააქტიურდა აშშ დოლარის მოძრაობა კლიენტურის ბაზარზეც – კომერციული ბანკების მიერ საკუთარ კლიენტებთან განხორციელებული ოპერაციების მოცულობა დაახლოებით, 60.5%-ით გაიზარდა და 1,59 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სავალუტო ბაზარზე განვითარებულმა ზემოთ აღნიშნულმა პროცესებმა გავლენა იქონია ლარის გაცვლითი კურსის დინამიკაზე – ივნისში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ სტაბილური იყო და 1,8100-1,8300 დიაპაზონში მოექცა.
2005 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში ლარის რეალური და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსები, შესაბამისად, 3.36%-ითა და 1.62%-ით გაუფასურდა (რეალური – 107%-დან 103.5%‑მდე, ხოლო ნომინალური 205.6%-დან 202.3%-მდე). დავით ამაღლობელის შეფასებით, მათ დინამიკაში ასეთი განსხვავების ძირითადი მიზეზია მიმდინარე წლის მაისს-ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაციის საგრძნობლად შემცირება, მაშინ, როდესაც ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეს პარამეტრი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ორციფრიან მაჩვენებელს გადააჭარბა. მაგალითად, მაისში წლიურმა ინფლაციამ რუსეთში 13.4%, უკრაინაში 14.0%, აზერბაიჯანში 13.6%, ხოლო საქართველოში 8.9% შეადგინა.