2005 წლის აგვისტოში ფულადი აგრეგატების მოცულობის ზრდას სადეპოზიტო ვალდებულებების მატებამ შეუწო ხელი
23 სექტემბერი, 2005
2005 წლის აგვისტოში სარეზერვო ფულის მაჩვენებელმა 21,5 მლნ ლარით, ანუ 922,7 მლნ ლარამდე მოიმატა, ხოლო მთლიანად 8 თვეში ზრდამ 86,2 მლნ ლარი შეადგინა.
სარეზერვო ფულის ყველაზე დიდი კომპონენტის – მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის პროცენტული ცვლილება მიმდინარე წლის დასაწყისიდან 9,4%-ს შეადგენს, ხოლო მისი მოცულობა 739,5 მლნ ლარამდეა გაზრდილი.
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, სარეზერვო ფულისა და მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მაჩვენებლების მატებაში აგვისტოში მომხდარი ცვლილებების ხვედრითი წილი, შესაბამისად, 25%-სა და 18%-ს შეადგენს.
აგვისტოში გაზრდილი სარეზერვო ფულის სტრუქტურიდან მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობამ 11,4 მლნ ლარით მოიმატა, ხოლო ზრდის დარჩენილი ნაწილი ბანკების სავალდებულო რეზერვებისა და საკორესპონდენტო ანგარიშებზე არსებული ნაშთების მატებაზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის შეფასებით, „ფულის მიწოდების ზრდა, ძირითადად, ორმა ფაქტორმა განსაზღვრა: სებ-ში არსებული მთავრობის ანგარიშებიდან თანხების ხარჯვამ და თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სავალუტო შესყიდვებმა. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით მიმოქცევაში, დაახლოებით, 31,6 მლნ ლარი გავიდა, მთავრობის ანგარიშებზე თანხები 12,3 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო კომერციული ბანკების წმინდა დავალიანების ზრდის შედეგად 1,7 მლნ ლარი მიმოქცევაში დაბრუნდა“.
საანალიზო პერიოდში საგარეო ვალის მომსახურების შედეგად მიმოქცევიდან 9,2 მლნ ლარი, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სამთავრობო და არასამთავრობო კონვერტაციების შედეგად 8,7 მლნ ლარი, ხოლო მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის სესხის მომსახურებით 5,8 მლნ ლარი ამოვიდა.
2005 წლის დასაწყისიდან ფართო ფულის M2 და M3 აგრეგატების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიმდინარე წლის 8 თვეში ფართო ფულის M3 აგრეგატის ზრდამ 16,6% (251,7 მლნ ლარი), ხოლო M2 აგრეგატის მატებამ 14,2% (120,1 მლნ ლარი) შეადგინა. ამავე დროს, საანალიზო პერიოდში, 2004 წლის დეკემბერთან შედარებით, M3-ის წლიური ზრდის ტემპმა 42,6%-დან 38,5%-მდე, ხოლო M2-ის წლიური ზრდის ტემპმა 60,4%-დან 43,2%-მდე იკლო.
აგვისტოში უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდამ ივლისთან შედარებით 5,5% შეადგინა, ანუ მატებამ 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ლარებში არსებული დეპოზიტების მატება 13,0% (32,8 მლნ ლარი) იყო და მისი მოცულობა 285 მლნ ლარს გაუტოლდა.
ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის 15,7 მლნ ლარით მატებისა და სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდის ფონზე, აგვისტოში ფართო ფულის M3 აგრეგატი ივლისთან შედარებით 81,3 მლნ ლარით, ხოლო ფართო ფულის M2 აგრეგატი 48,5 მლნ ლარით გაიზარდა. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოს M3 აგრეგატის მოცულობა 1763,6 მლნ ლარს, ხოლო M2 აგრეგატის მოცულობა 966,2 მლნ ლარს გაუტოლდა.
დავით ამაღლობელის განცხადებით, „მიმდინარე წლის აგვისტოში ფართო ფულის M2 და M3 აგრეგატების მატება სადეპოზიტო ვალდებულებების როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში ზრდამ განაპირობა“.
წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის მონეტიზაციის დონე მიმდინარე წლის 8 თვეში M3-თვის 12,39%-დან 13,55%-მდე, ხოლო M2-თვის 6,4%-დან 7,4%-მდე გაიზარდა. ფულის მულტიპლიკატორი M2-თვის წლის დასაწყისიდან 1,011-დან 1,047-მდე, ხოლო M3-თვის 1,807-დან 1,911-მდე გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, „მიმდინარე წლის განმავლობაში აგვისტოს ბოლოსათვის დაფიქსირებული ფულის მულტიპლიკატორების მაჩვენებლები ყველაზე მაღალია და საბანკო შუამავლობის ხარისხის ამაღლებაზე მიუთითებს“.