200 ლარის ღირსების ბანკნოტზე ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი და აფხაზეთის (სოხუმის) ხედი იქნება გამოსახული

200 ლარის ღირსების ბანკნოტზე ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი და აფხაზეთის (სოხუმის) ხედი იქნება გამოსახული

25 ივლისი, 2005
200 ლარის ღირსების ბანკნოტზე ცნობილი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი და აფხაზეთის (სავარაუდოდ, სოხუმის) ხედი იქნება გამოსახული. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის კომისიამ 25 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.   კომისიის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკო ნიკოლაძე საქართველოს ეკონომიკის ყველაზე წარმატებული პროექტების ინიციატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ. „ის იყო მოაზროვნე, რომელიც ჯერ კიდევ 100 წელზე მეტი ხნის წინ საქართველოს განვითარების ერთადერთ სწორ გზად ევროპასთან ინტეგრაციას მიიჩნევდა. მისმა ოცნებამ ხორცი XXI საუკუნეში შეისხა,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ.   ნიკო ნიკოლაძე სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ფოთის ნავსადგურის, ჭიათურის მანგანუმის, ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის, ტყიბულის ქვანახშირის, გროზნო-ფოთის ნავთობსადენის, თბილისის წყალსადენისა და სხვა პროექტებს. ციურიხის უნივერსიტეტში მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი სამეცნიერო ნაშრომისათვის: „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“.   200 ლარის ნომინალის ბანკნოტის რევერსზე აფხაზეთის, სავარაუდოდ, სოხუმის ხედი იქნება გამოსახული. „აუცილებელია გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ამდენად, ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ აფხაზეთში კონფლიქტის დროულად მოგვარებას. ქართულ ბანკნოტზე აფხაზეთის ხედის გამოხატვა იმის ნიშანიცაა, რომ აფხაზეთი სამშობლოა როგორც ქართველების, ასევე აფხაზებისათვის და იქ ჩვენმა ხალხებმა ერთად უნდა იცხოვრონ“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   საქართველოს ეროვნული ბანკი 200 ლარის ღირსების ბანკნოტის დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ დიზაინერებსაც ექნებათ. ახალი ბანკნოტის მიმოქცევაში გაშვება მომავალი წლის ბოლოს მოხდება.
სხვა სიახლეები