200 ლარის ნომინალის ბანკნოტის საუკეთესო დიზაინის ავტორი დასახელდა
20 სექტემბერი, 2005
საქართველოში პირველად ეროვნულმა ბანკმა ფულის დიზაინის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ქართველი მხატვარი ნოდარ მალაზონია დასახელდა. მეორე ადგილი ავსტრიულ Oesterrichische Banknoten und Sicherheitsdruck GmbH -ს, ხოლო მესამე გერმანულ კომპანიას Giesecke & Devrient -ს ერგო. კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებული მხატვარ-დიზაინერი 3000 ლარს, მეორე ადგილოსანი - 1500 ლარს, ხოლო მესამე - 500 ლარს მიიღებს.
კონკურსში მონაწილე 12 დიზაინერს შორის ხუთი უცხოელი იყო. აქამდე ლარის დიზაინის დამზადების კონკურსებში მხოლოდ ადგილობრივი მხატვარ-დიზაინერები მონაწილეობდნენ. საკონკურსო პაკეტების გახსნის მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში თორმეტი განაცხადი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, შვიდი განაცხადი საქართველოდან (მათ შორის, მხატვარ-დიზაინერები ნოდარ მალაზონია, მამუკა გონგაძე, გიორგი კუცრაშვილი, დავით ბეიტრიშვილი, ილია ნახუცრიშვილი, შალვა ლურსმანაშვილი). რაც შეეხება განაცხადებს უცხოეთის ქვეყნებიდან, საქართველოს ეროვნული ვალუტის 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის საკუთარი ესკიზები წარმოადგინეს გერმანულმა Giesecke & Devrient; ბელგიის ეროვნულმა ბანკმა, შვედურმა Crane AB, შვეიცარიულმა Orell Fussli security Printing Ltd და ავსტრიულმა Oesterrichische Banknoten und Sicherheitsdruck GmbH.
„სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის ლარის ნიშნების დამზადების სურვილი უმსხვილესმა ევროპულმა კომპანიებმა პირველად გამოთქვეს, რის გამოც, ამ კონკურსს თავისუფლად შეიძლება საერთაშორისო ვუწოდოთ. მეორე მხრივ, 200 ლარის ნომინალის ბანკნოტზე ყველა ქართველისათვის ძვირფასი სოხუმის ხედი უნდა იყოს გამოსახული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკნოტი სოხუმის ხედით დაამზადეს არა მარტო ქართველმა, არამედ წამყვანმა ევროპელმა დიზაინერებმაც,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსში მონაწილეობის მიღება ევროპის, აზიის, ამერიკის ზარაფხანებს შესთავაზა. მათ შორისაა ისეთი ცნობილ კომპანიები, რომლებიც ამერიკულ დოლარის, ევროს, გირვანქა სტერლინგისა და სხვა ვალუტების ფულად ნიშნებს ამზადებენ.
200 ლარის ნომინალის ბანკნოტის ავერსზე გამოსახული უნდა იყოს საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი, რევერსზე კი – სოხუმის ხედი.