200 ლარის ნომინალის ბანკნოტზე საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი გამოისახება
21 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამზადების კომისიის გადაწყვეტილებით, 200 ლარის ნომინალის ფულის ნიშანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი გამოისახება.
„200 ლარის ნომინალის ბანკნოტის ერთ მხარეზე მოთავსებული იქნება დაპყრობილი სოხუმი, მეორე მხარეს კი საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც დამპყრობლებს ებრძოდა, რაც საქართველოს დღევანდელობის ამოცანებს ეხმიანება,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, „ფულის ნიშანი ქვეყნის კულტურას, ისტორიას თუ სხვა მიღწევებსა და მიზნებს გამოხატავს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი დღევანდელი საქართველოს ისტორიული მომენტისათის ერთ-ერთ ყველაზე შესაბამის სიმბოლოდ აღიქმება.“
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის დამზადების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოშვებული იქნას 200 ლარის ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშანი, რომლის ავერსსა და რევერსზე, შესაბამისად, გამოსახული იქნება საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი და სოხუმის ხედი. ფულის ნიშნის ესკიზის დიზაინზე მუშაობა ნოემბრის ბოლოსათვის დასრულდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ასევე გათვალისწინებულია სამახსოვრო და საიუბილეო მონეტების სერიის გამოშვება, რომელზეც გამოისახება დიდი ქართველი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეები, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლები. გადაწყდა 200 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის გამოშვება, რომელზეც დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი გამოისახება.